ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოს ავიაციის ინდუსტრია ძალიან მზარდია, აქტიურად ვითარდება და ეს მნიშვნელოვანი საფუძველია, მათ შორის, იმ აღიარებისთვის, რომლის მიხედვით, ქვეყნის მთავარი აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა.
„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი აღიარებაა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოხვდა ევროპის წამყვანი აეროპორტების ხუთეულში. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ის, რომ ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრია მზარდია, ვითარდება და მიმდინარე წელს გვაქვს ძალიან ბევრი სიახლე როგორც ახალი ავიაკომპანიების შემოსვლის, ისე პირდაპირი რეისების დამატების კუთხით“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში ოპერირებას იწყებენ ისეთი ახალი ავიაკომპანიები, როგორიცაა „ბრიტიშ ეარვეისი“, „იზიჯეტი, “ „ავსტრიის ავიახაზები“, ასევე „ტრანსავია,“ რომელიც დამატებით იფრენს საფრანგეთის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ამავდროულად, საავიაციო ინდუსტრიას დაემატება ახალი პირდაპირი ფრენები, მათ შორის, დიდ ბრიტანეთთან და შვეიცარიასთან.
„ეს ყველაფერი კი უზრუნველყოფს მგზავრთთნაკადის, ტურისტული ნაკადების ზრდას, ჩვენი სექტორების მდგრად და დივერსიფიცირებულ განვითარებას. საქართველოს მთავრობა განაგრძობს ყველა იმ ღონისძიების, აქტივობისა თუ პროექტის განხორციელებას, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და უშუალოდ როგორც საავიაციო, ისე ტურისტული სექტორების კიდევ უფრო განვითარებას“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დაასახელა. ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტი 9 აპრილს, სევილიაში საავიაციო ფორუმ Routes Europe 2025-ის ფარგლებში დაჯილდოვების ცერემონიალზე გამოვლინდება. აქვე დასახელდება ევროპის წლის საუკეთესო ავიაკომპანია და ტურისტული მიმართულება.
2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და გასულ წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 29 %-ით გაიზარდა.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წინასწარი პროგნოზით, ახალი ავიაკომპანიებისა და არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების ზრდის გათვალისწინებით, 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 4 % მოიმატებს და 5 მილიონამდე გაიზრდება.
თბილისის აეროპორტთან ერთად 5 საუკეთესო ნომინანტთა შორის მოხვდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ისეთი ქალაქების აეროპორტები, როგორებიცაა: ბრემენი, კორფუ, ლონდონი (Southend Airport) და ვილნიუსი.