ავიაკომპანია Georgian Airways-ი აპრილიდან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ახალი ევროპული მიმართულებებით: იტალიაში, რომსა და ფორლიში იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკომპანია საკუთარ Facebook გვერდზე აქვეყნებს.
"ფორლის მიმართულებით პირდაპირი რეისები 24 აპრილიდან კვირაში ერთხელ ხუთშაბათს, ხოლო რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით 26 აპრილიდან კვირაში ორჯერ - ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. შესაბამისად, იტალიის მიმართულებით შესრულდება ყოველდღიური ფრენები: კვირაში სამჯერ მილანში, კვირაში ორჯერ რომში და კვირაში ერთხელ ფორლიში.
ფორლი იტალიის სამეციდინო კურორტია, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის სამედიცინო ჩექაპს, რეაბილიტაციას, გამაჯანსაღებელ პროცედურებს და თერმულ სპა-ცენტრებს. ასევე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაემატება მეოთხე სიხშირეები პარიზისა და ნიცის მიმართულებით.
Georgian Airways-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გააგრძელებს პირდაპირ ფრენებს ევროპის სხვა მიმართულებითაც: ვენაში, ამსტერდამში, ბერლინში და ლარნაკაში.
აღსანიშნავია, რომ Georgian Airways-ი ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც. პირდაპირი ფრენები შესრულდება “ბოინგ 737-700“, „ბოინგ 737-800“ და “ბოინგ 767” ტიპის ავიახომალდებით,"-აღნიშნულია Georgian Airways-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.