ეროვნული ბანკი ბანკებს შორის კონკურენციის წახალისებისთვის გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, - ამის შესახებ საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კომერციული ბანკები ყოველთვის უსმენენ ეროვნულ ბანკს და მის გადაწყვეტილებებს იღებენ.
"ეროვნულმა ბანკმა ბოლო 2-3 თვეში გარკვეული ცვლილებები შემოიტანა. მათ შორის, შეამცირა ერთი ბანკიდან მეორე ბანკში გადასვლის საკომისიო. ბაზარზე მიკრო და ციფრული ბანკები შემოვიდნენ და ბანკებს შორის კონკურენცია, რომ წახალისდეს ეროვნული ბანკის აღნიშნული ცვლილება სწორი გადაწყვეტილება იყო.
გარდა ამისა, თუ კომერციული ბანკი ეროვნულ ბანკის გადაწყვეტილებებს არ დაექვემდებარება, ჯარიმის რაოდენობა გაზარდა. ჩვენი დაკვირვებით ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებთან კონსულტაციებს ყოველთვის გადის და შესაბამისად, ახლად დაწესებული განაკვეთები არასდროს არ იქნება გამოყენებული და უბრალოდ კანონში დარჩება", - აცხადებს დავით რუსია.
მანვე აღნიშნა, რომ საერთო ჯამში ქართული საბანკო სექტორი, დღეის მდგომარეობით, 76 მლრდ-ის აქტივს მართავს, ხოლო სესხები და დეპოზიტები 60 მლრდ-ის ფარგლებშია.