logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ირაკლი თუთარაშვილი: კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, ხარისხიანი ანგარიშგება ჰქონდეს

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, ირაკლი თუთარაშვილის განცხადებით, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, ხარისხიანი ანგარიშგება ჰქონდეს

მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“რეგულატორები ანგარიშგებას საზედამხედველო მიზნებისთვის ვაფასებთ, თუმცა მნიშვნელოვანია, კომპანიამ გაითავისოს, რომ ამას მხოლოდ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე არ ამზადებს. ინვესტორებს აინტერესებთ კომპანიის ფინანსური შედეგები, მათი მდგრადობა. ისინი უნდა ენდონ იმ მონაცემებს, რაც აგარიშგებაში არის. ასევე, პარტნიორებს აინტერესებს საქმიანობა, თუ როგორ ოპერირებს ეს კომპანია, რომ მასთან საქმიანი ურთიერთობა დაამყაროს. მომხმარებელს ამ ანგარიშგების წაკითხვის შემდეგ, კომპანიის მიმართ ნდობა უნდა გაუჩდეს.შესაბამისად, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, ხარისხიანი ანგარიშგება ჰქონდეს”,-განაცხადა ირაკლი თუთარაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, BARTA-ს კომიტეტი პროცესებს აკვირდება და შესაბამისი ცვლილებები შეაქვს.

“წელს გარკვეული სიახლეები გვაქვს, მათ შორის დავყავით კატეგორიები და დავამატეთ ჯილდო სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის, რომელთაც გამჭვირვალე ანგარიშგება აქვს.

გარდა ამისა, დავაკვირდებით პროცესებს, როგორ წარიმართება, რა იქნება საჭირო, რადგან გლობალურად მსოფლიოში სტანდარტები მუდმივად იცვლება. ამის მიხედვით შევიტანთ შესაბამის ცვლილებებს და კრიტერიუმებსაც გადავხედავთ. დღეს კომპანიები უყურებენ არა მარტო წარსულ გამოცდილებას, ასევე იმ რისკებს, რომელიც შესაძლოა მათ წინაშე დადგეს. მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით რას საქმიანობს კომპანია, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით როგორ იცავს თავს და ასე შემდეგ. საჭიროა, ეს რისკები ანგარიშგებაში იყოს ასახული და ჟიურის მიერ შესაბამისად შეფასდეს”,-განაცხადა ირაკლი თუთარაშვილმა.

მან კომპანიებს კონკურსში  მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„ნუ დაელოდებიან იდეალური ანგარიშგების მომზადებას. მონაწილეობის მიღება უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ მომდევნო წლებში ანგარიშგების ხარისხი გაუმჯობესდეს. ეს არის შესაძლებლობა, უფასოდ მიიღონ პროფესიული უკუკავშირი ხარვეზებისა და გასაუმჯობესებელი სფეროების შესახებ. მოვუწოდებ ყველა კომპანიას, ჩაერთონ კონკურსში და გამოსცადონ საკუთარი თავი“, — განაცხადა ირაკლი თუთარაშვილმა.

შეგახსენებთ, BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა. BARTA 2026-ს მხარს უჭერს მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების (EAASURE) რეგიონული პროგრამა, რომელსაც ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR) ახორციელებს.

გამოგვყევით