სექტემბერში ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების შემადგენელი ოქროს პორტფელი 97.3 მილიონი დოლარით შემცირდა.
Galt&Taggart-ის ყოველკვირეული მიმოხილვის თანახმად, ამის მიზეზი ოქროს ფასების კლებაა.
საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების თითქმის 13 პროცენტს შეადგენს.
ამასთან, გასულ თვეში საერთაშორისო რეზერვები წლიურად 50.5%-ით გაიზარდა და რეკორდული დონე 8.2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც სავალუტო ფონდის ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს აღემატება.
"რეზერვების ყოველთვიური ცვლილება ძირითადად განპირობებულია მთავრობისა და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებითა და სებ-ის მიერ BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით უცხოური ვალუტის შესყიდვებით (დეტალები გამოქვეყნდება 26 ოქტომბერს), ხოლო მონეტარული ოქროს გადაფასებამ რეზერვები (ოქროს ფასის შემცირება სექტემბერში) $97.3 მლნ-ით შეამცირა. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 12.9%-ს შეადგენს."- აღნიშნულია მიმოხილვაში