ქვეყანაში ათეულობით ტონა ნაკელის გენერირება ხდება და ის ღია წესით არის ბუნებაში, - ამის შესახებ "ბიოდიზელ ჯორჯიას" დირექტორმა მურმან პატარაიამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კომპანია "მწვანე“ პროექტზე, კერძოდ, ბიოგაზის ინდუსტრიულ წარმოებაზე მუშაობს, რომელიც სხვადასხვა ნარჩენებისაგან მიიღება, მათ შორის, არის კვების ნარჩენები HoReCa ბიზნესიდან, ფერმერული მეურნეობების ნარჩენები, ნებისმიერი სახის ორგანული ნარჩენები, სასაკლაოს ნარჩენები და ა.შ.
როგორც მურმან პატარაია აცხადებს, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად კონსორციუმია საჭირო, რაზედაც კომპანია აქტიურად მუშაობს და პირველი "დაიჯესტერი", სავარაუდოდ, 2026-2027 წლების განმავლობაში ჩაირთვება.
„საქართველოს ხელი აქვს მოწერილი ხელშეკრულებაზე ემისიებით ვაჭრობაზე შვეიცარიასთან და იაპონიასთან. მყისიერად დავიწყეთ მუშაობა შვეიცარიულ ორგანიზაცია „კლიკთან“ და „ბიო დიზელ ჯორჯია“ არის ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელსაც ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული შედეგები აქვს. ჩვენ, რომ ბიო გაზის ქარხანას ავაშენებთ და იქიდან ემისიების დაზოგვას განვახორციელებთ, „კლიკი“ უკვე მზად არის, რომ შეისყიდოს. ეს გარკვეულწილად საინვესტიციო ნაწილსაც არეგულირებს და ფარავს. აქამდე საქართველოში ბიო გაზის საწარმო იმიტომ არ აშენდა, რომ ის ძალიან მძიმეა ინდუსტრიული, ტექნიკური და ასევე, ეკონომიკური თვალსაზრისით. მე სადაც ვნახე აბსოლუტურად ყველა კონსორციუმს აქვს აშენებული. ბიზნესი, სახელმწიფო, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, ან ევროკავშირის დაფინანსება და ა.შ. ჩვეულებრივი ბიზნესისგან განსხვავებით ნარჩენების მართვის ბიზნესი რთულია, რადგან უკუგება აქვს გრძელვადიანი, ფულის ჩადება მეტ რისკთან არის დაკავშირებული, მეტი თანხა გჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ ბიზნესს და მომგებიანობა (მარჟა) შედარებით დაბალია. სწორედ ამიტომაა, რომ კონსორციუმი აქამდე ვერ შეიკრა და დღეს საქართველოში ნაკელფონდი არ იმართება და ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგანან ფერმერული მეურნეობები. ათეულობით ტონა ნაკელის გენერირება ხდება ქვეყანაში და ის ღია წესით არის ბუნებაში. პრობლემა სწორედ ეს არის და ერთი "დაიჯესტერი", რომ იყოს ქვეყანაში ეს საკითხი უკვე მოგვარებული იქნებოდა. სწორედ ეს არის, ამ კონსორციუმის აკინძვას ვცდილობთ ამ მიმართულებით, რაც ძალიან რთულია. სიტუაცია რუსეთ-უკრაინის ომმა გაართულა. მაგალითად, თუ აღჭურვილობა ღირდა X, ახლა 2X ღირს.
აქტიურად ვმუშაობთ ადგილობრივ პარტნიორებთან და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, რომ ეს კონსორციუმი შეიკრას. არანაირი ორგანული ნარჩენი არ იმართება საქართველოში. არ ვარ უარყოფითად განწყობილი. დარწმუნებული ვარ პირველი დაიჯესტერი 2026-2027 წლების განმავლობაში ჩაირთვება“, - აცხადებს მურმან პატარაია.
ცნობისთვის, ჰოლდინგი „ბიოდიზელი ჯორჯიამ“, ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით საქართველოს ისტორიაში პირველად 2017 წელს დააფუძნა ბიოდიზელის საწარმო და დაიწყო ალტერნატიული განახლებადი, ეკო-მეგობრული საწვავის – ბიოდიზელის წარმოება გამოყენებული მეორეული საკვები ზეთისგან.