logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"მწვანე შუა კორიდორი საქართველოსა და ევროპის უფრო მეტ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს" - ზვიად გაჩეჩილაძე

მწვანე შუა კორიდორი საქართველოსა და ევროპის უფრო მეტ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მწვანე შუა კორიდორის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ზაფხულში დასრულდება.

"შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და ამ ეტაპზე მიმდინარე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება არ უნდა აგვერიოს. 2024 წელს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება დაასრულა. სწორედ, ამ ინიციატივამ დაუდო საფუძველი, რომ პროექტი განვითარებულიყო და იმ სახით მიგვეღო რა სახითაც ახლა  განიხილება - ეს არის მწვანე, შუა კორიდორი. როდესაც ჩვენ შავი ზღვის კაბელის პროექტზე დადებითი ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლები დავდეთ - ამან ბიძგი მისცა იმას, რომ დამატებითი სიმძლავრეები შეგვესწავლა, უფრო გაგვეფართოებინა კორიდორი და ა.შ. ასე მივიღეთ უფრო გაფართოებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც ახლა მიმდინარეობს და სავარაუდოდ, ზაფხულში დასრულდება. 

მწვანე შუა კორიდორი საქართველოსა და ევროპის უფრო მეტ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.  ეს პროექტი ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით ორივესთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. როგორც ჩვენ გავაძლიერებთ, ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ისე ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში შევიტანთ ჩვენს წვლილს. რაც მთავარია, ეს იქნება მწვანე ენერგეტიკაზე დაფუძნებული. ამას გარდა, კიდევ ერთი სარგებელი, რასაც აქედან მივიღებთ არის ინვესტიციები როგორც გადამცემ ინფრასტრუქტურაში, ისე განახლებადი ენერგიის წარმოების წყაროებში და სხვა", - აცხადებს ზვიად გაჩეჩილაძე. 

გამოგვყევით