logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"სანსეტ შოვის" შეთავაზება "ალდაგს" - "შემოთავაზებული თანხის ფარგლებში, თავად აღადგინონ ჩვენი სასტუმრო"

სასტუმრო „სანსეტ  შოვი“  უახლოს მომავალში სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ წინააღმდეგ სასამართლოში დავის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  სასტუმრო „სანსეტ შოვში“ განუცხადეს.

„სამწუხაროდ, „ალდაგმა“ სხვა გზა არ დაგვიტოვა გარდა იმისა, რომ უახლოეს მომავალში შევიტანოთ სარჩელი და სამართლებრივად ვიბრძოლოთ იმის დასამტკიცებლად, რაც ყველასთვის ისედაც ნათელია. ათეული წლის განმავლობაში ვთანამშრომლობდით „ალდაგთან“ იმ იმედით, რომ დაცული ვიქნებოდით სხვადასხვა რისკებისგან, თუმცა ახლა გვიწევს ჭეშმარიტების მტკიცება. ზარალის ანაზღაურების მიღების ნაცვლად, იძულებულნი ვართ გავწიოთ მნიშვნელოვანი რესურსები ხანგრძლივი და შრომატევადი სასამართლო პროცესისთვის მოსამზადებლად.

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ შოვი როგორც კურორტი განადგურებულია. არსებობს შეფასებები, რომელთა მიხედვითაც დაუშვებელია რაიმე ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება. არა შეზღუდული, არამედ აკრძალულია ნებისმიერი სახის სამუშაოების ჩატარება, აღნიშნული აკრძალვა კი მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

ფაქტია, რომ საქმე გვაქვს შენობა-ნაგებობასთან რომელსაც ღირებულება აღარ აქვს. როგორც შენობა-ნაგებობა ისედაც აბსოლუტურად განადგურებულია და გამოუყენებელია, მეტიც მისი რაიმე სახით აღდგენა შეუძლებელი და აკრძალულია. შესაბამისად სახეზე გვაქვს ქონების სრული განადგურება.

ასეთ პირობებში, ჩვენთვის მიუღებელია სადაზღვევო კომპანიისაგან შემოთავაზებული სასაცილო თანხა, რომელიც ჩვენი დათვლით მხოლოდ ნაწილობრივი, ხაზს ვუსვამთ ნაწილობრივი,  კოსმეტიკური სამუშაოებისთვისაა საკმარისი.

საზოგადოებაში კითხვების გასაფანტად, საჯაროდ ვეთანხმებით „ალდაგს“ მიბრძანდნენ და შემოთავაზებული თანხის ფარგლებში ან თუნდაც უფრო ნაკლებ ფასად აღადგინონ ჩვენი სასტუმრო.

ასევე საზოგადოებას ვპირდებით, რომ მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას ზოგადად სადაზღვევო დეტალების შესახებ, რომელთა გათვალისწინებით თავს არ იგრძნობენ მოტყუებულად,“-აღნიშნულია „სანსეტ შოვის“ „ბიზნესპარტნიორისთვის“ გამოგზავნილ განცხადებაში.

შეგახსენებთ, სასტუმრო „სანსეტ შოვმა“ განცხადება  2024 წლის ოქტომბერს გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის. მაშინ სასტუმროს ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ სადაზღვევო კომპანიისაგან მათ კონკრეტული შემოთავაზება მიიღეს, რომელიც არ არის რეალურად დამდგარ ზიანთან ადეკვატური.  “სანსეტ შოვი”  მოლაპარაკების მიუღწევლობის შემთხვევაში სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებდა.

მოგვიანებით, სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" სასტუმრო "სანსეტ შოვის" მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით სადაზღვევო კომპანია სტიქიით დაზარალებულ სასტუმროს ანაზღაურებას არ უხდის.

როგორც მაშინ  "ალდაგის" მიერ "ბიზნესპარტნიორისთვის" გამოგზავნილ ინფორმაციაში იყო ნათქვამი, დადგენილია ზიანის შესაბამისი ოდენობა 1.5-ზე  მეტი მილიონი ლარი, რომელიც სადაზღვევო კომპანიის მხრიდან შეთავაზებულია ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, თუმცა სასტუმრო უარს აცხადებს ამ ანაზღაურების მიღებაზე. გარდა ამისა, "ალდაგის" ინფორმაციით, "სანსეტ შოვს" დაზღვეული ჰქონდა შენობა-ნაგებობები, კოტეჯები და ინვენტარი, თუმცა პოლისი ბიზნესის შეფერხების რისკებს არ ფარავდა.

გამოგვყევით