2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას ავიაკომპანიები British Airways და easyJet იწყებენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარული ფრენების შესრულებისთვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიებს უკვე მიანიჭა.
„ძალიან დიდი მიღწევაა, რომ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბრიტიშ ეარვეისთან“ და „იზიჯეტთან“ - ასეთი ძლიერი, გლობალური ორი ავიაკომპანიის შემოსვლით საქართველოს სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე უჩნდება წვდომა, რადგან ავიაციას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში. დიდ ბრიტანეთთან პირდაპირი მიმოსვლის დაწყებით და ასეთი მაღალი დონის ავიაკომპანიების დაინტერესებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც ბაზრების დივერსიფიცირებას, მდგრად განვითარებას და, საერთო ჯამში, ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურება, სწორია და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი წარმატებული პროექტების განხორციელების საფუძველს ქმნის“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.
მისი ინფორმაციით, ავიარეისები ლონდონი - თბილისი - ლონდონის საჰაერო ხაზზე კვირაში 6 სიხშირით შესრულდება.
„დიდ ბრიტანეთთან ორი ავიაკომპანიის სერვისებით ვაბალანსებთ მაღალბიუჯეტიანი და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის შემოსვლას, რაც უზრუნველყოფს ტურისტული ნაკადების გაზრდას, პარალელურად, ვაწარმოებთ მარკეტინგულ კამპანიებს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად. ლონდონთან პირდაპირი ფრენების გარდა, ასევე ხაზგასასმელია „იზიჯეტის“ ახალი მიმართულება თბილისსა და ჟენევას შორის, რაც შვეიცარიასთან პირდაპირი ფრენების პირველი შესაძლებლობაა“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, ავიარეისები შემდეგი მიმართულებებით და განრიგით შესრულდება:
British Airways ფრენებს შეასრულებს 30 მარტიდან ლონდონი - თბილისი - ლონდონის საჰაერო ხაზზე, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას;
easyJet UK რეგულარულ რეისებს განახორციელებს 1 აპრილიდან ლონდონი - თბილისი - ლონდონის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს;
easyJet Switzerland ავიარეისებს შეასრულებს 31 მარტიდან ჟენევა - თბილისი - ჟენევას საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს;
easyJet Europe Airline GmbH ფრენებს შეასრულებს 1 აპრილიდან მილანი - თბილისი - მილანის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს.