ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაარსებიდან დღემდე საგრანტო პროგრამებით სტარტაპებისთვის გაცემული თანხა 43.5 მილიონ ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გახდა, სადაც GITA-ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე წარსდგა.
საკომიტეტო მოსმენა ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობასთან, მეცნიერებაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ საჯარო პოლიტიკის, პროგრამებისა და სხვა ასპექტების განხილვას მოიცავდა. ღონისძიებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი მონაწილეობდა.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ინოვაციური მეწარმეობისა და სტარტაპ საზოგადოების განვითარების მიზნით, საქართველოს რეგიონებში ახორციელებს საგრანტო პროგრამებსა და სხვადასხვა აქტივობას, როგორიცაა ჰაკათონები, ტექ.კვირეულები, ბანაკები, ინკუბატორის პროგრამები თუ ტრენინგები. ბოლო მონაცემებით, რეგიონების ტექნოპარკებით მოსარგებლეთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა, რომელთა 90 პროცენტს ახალგაზრდები შეადგენენ. სხვადასხვა ასაკზე გათვლილი პროგრამები მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. ტექნოლოგიურმა ბანაკებმა, 2019-2024 წლების განმავლობაში, 1300-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა, პრე-აქსელერაციის პროგრამა კი, რომელსაც 1200 მონაწილე ჰყავს, ქვეყნის 10 რეგიონში ჩატარდა და მონაწილეთა 70 პროცენტი ახალგაზრდაა.
რეგიონის მოსახლეობის ინოვაციური იდეების განვითარებას ემსახურება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამა „ინოვაციების გრანტების რეგიონებისთვის“, რომელიც მოიცავს საქართველოს თერთმეტ რეგიონს - აჭარა, გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, ქვემო-ქართლი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 83 სტარტაპი, რომელთაგან 70 პროცენტი ახალგაზრდებზე მოდის.
დღეის მონაცემებით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში 279 სტარტაპია დაფინანსებული, რომელთა შორის ახალგაზრდების წილი 43 პროცენტია. მათი საქმიანობის შედეგად შეიქმნა 4000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. დაფინანსებულმა სტარტაპებმა 545 მილიონი ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს, ხოლო სააგენტოს დაარსებიდან დღემდე საგრანტო პროგრამებით სტარტაპებისთვის გაცემული თანხა 43.5 მილიონ ლარს შეადგენს.
ავთანდილ კასრაძემ ყურადღება გაამახვილა ასევე IT ეკოსისტემაზე და ამ კუთხით ახალგაზრდების დასაქმებასა და განათლებაზე. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ აღნიშნული მიმართულებით 12 000 - ზე მეტი ადამიანი გადაამზადა, რომელთა 64 პროცენტს სწორედ ახალგაზრდები შეადგენენ. სააგენტო ახორციელებს პროგრამას DO IT IN GEORGIA, რომელიც მოიცავს სამ მიმართულებას - 5000 IT მომზადების პროგრამა, Do IT with the EU (საერთაშორისო სერტიფიცირება და დასაქმება), CODE-IT. ამასთან, მხოლოდ 2024 წელს IT სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 49 000 - მდე გაიზარდა. აღსანიშნავი დეტალია, რომ 2020 წლიდან 2023 წლამდე, 28%- ით შემცირდა NEET - ის (not in education, employment, or training) მაჩვენებელი.
საკომიტეტო მოსმენაზე ავთანდილ კასრაძემ GITA - ს სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. 2025 წლიდან GITA გეგმავს „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის“ განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც გამოცდილი საერთაშორისო თუ ადგილობრივი მენტორები კონკურსის შედეგად შერჩეულ სტარტაპებს 1 წლიან ინტენსიურ ტრენინგებსა და ქოუჩინგის სესიებს ჩაუტარებენ.
2025 წლის შემოდგომაზე, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში, საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, რაც იქნება რეგიონში ყველაზე მასშტაბური ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მიზიდულობის ცენტრი. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც წარმოდგენილია:
- ხელოვნური ინტელექტის კვლევითი კომპეტენციის ცენტრი
- ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, სადაც ინტერაქციული და საგანმანათლებლო ექსპონატები დაგხვდებათ
- TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, რომელიც 12-18 წლამდე ახალგაზრდებისთვისაა გათვლილი და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა პროგრამირება, ანიმაცია, კინო, კომპიუტერული თამაშების შექმნა, გრაფიკული დიზაინი, 3D მოდელირება, რობოტიკა და სხვ.
- ტექნოპარკი და მისი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FabLab), 3D პრინტერების ლაბორატორია, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, STEAM, IoT, ვირტუალური და აუგმენტირებული რეალობის ლაბორატორია და სხვა ექსპერიმენტული სივრცეები სტუდენტებისა და სტარტაპებისთვის;
- AI მძლავრი მონაცემთა და კომპეტენციების ცენტრი;
- საერთაშორისო IT კომპანიების ოფისები;
- აწარმოე საქართველოში საკონსულტაციო ცენტრი - Growth Hub;
- საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი.
შეგახსენებთ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 2014 წელს დაფუძნდა.