logo
Loading data...

დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგიაზე მუშაობა სრულდება

დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგიაზე მუშაობა სრულდება

1712830822

დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგიაზე მუშაობა სრულდება. დოკუმენტი, რომლის მომზადებაშიც ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა ჩართული, მიმდინარე წლის ივნისში იქნება მზად.

სპეციალისტების შეფასებით, დიღმის ჭალები თბილისის ერთ-ერთი უდიდესი სარეკრეაციო ზონა და ერთადერთი შემორჩენილი ჭალის ტყეა, რომელიც მასშტაბურმა უკანონო კარიერულმა და სამეწარმეო საქმიანობამ და სამშენებლო ნარჩენების ინტენსიურმა განთავსებამ რთულ  მდგომარეობაში ჩააგდო.

როგორც თსუ-ს პროფესორი სოსო სალუქვაძე აღნიშნავს, საუბარია დაახლოებით 300 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომლის 60% ამ ეტაპზე საჯარო, მათ შორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. ტერიტორიის ნაწილი კი კერძო საკუთრებაშია მოქცეული.

„თუ კონკრეტული ღონისძიებები არ გატარდა, ამ სივრცეში განაშენიანება მოიმატებს. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს მიღებული თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით,  დიღმის ჭალების ტერიტორია თითქმის სრულად რეკრეაციულ ზონაშია მოქცეული, ადგილზე მაინც მიმდინარეობს განაშენიანება. შესაბამისად, დიღმის ჭალების ერთი ნაწილი არის უკვე კერძო საკუთრებაში და არ არის ასე ადვილი ადგილმონაცვლეობა. თანაც საკუთრების უფლებები დაცული უნდა იყოს. საბედნიეროდ, 60% არის საჯარო საკუთრებაში და ეს იქნება საბაზო კლასტერი, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება რეაბილიტაციის ჩატარება.“-აღნიშნავს სოსო სალუქვაძე.

მისივე თქმით, დიღმის ჭალების რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იქნება. 

"ინტერესი არის ის, რომ ბიომრავალფეროვნება,  ტყის მასივი შენარჩუნებული და აღდგენილი იქნას. გარკვეული მონაკვეთები ძალიან არის დაზიანებული. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იქნება და დაგვჭირდება უფრო აქტიური მხარდაჭერა მუნიციპალიტეტისგან.“-აცხადებს  სოსო სალუქვაძე.

დიღმის ჭალების რეაბილიტაციის  სტრატეგია 2023 წლის ივნისიდან საერთაშორისო კომპანია SMEC-ის ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტების მიერ მუშავდება.  სტრატეგიის საბოლოო დოკუმენტი 2024 წლის ივნისში გამოქვეყნდება.

ქრისტინე გამთენაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით