"შუა დერეფანი" კარგი შესაძლებლობაა, მინიმუმ დამატებითი ტვირთბრუნვაა ჩვენთვის, მაგრამ მანამდე ბევრი გამოწვევა გვაქვს. სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს პორტის საკითხი - ფოთი იქნება, ანაკლია თუ ბათუმი, ამას მნიშვნელობა ჩვენთვის არ აქვს, - ამის შესახებ საკონტეინერო გადაზიდვების კომპანია COSCO SHIPPING LINES-ის კომერციულმა მენეჯერმა, გივი ჩაჩანიძემ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში ისაუბრა.
გივი ჩაჩანიძის განცხადებით, გაზრდილ ტვირთბრუნვას შესაბამისი გამტარუნარიანობა სჭირდება, რა მოთხოვნასაც ქართული პორტები ვერ აკმაყოფილებენ. როგორც მან აღნიშნა, ფოთის პორტი ზედა ზღვარზე მუშაობს და ხშირია ტვირთების "გაჭედვის" შემთხვევები. ამასთან, მისივე თქმით, თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდება, შესაძლოა კომპანიებმა დამკვეთები დაკარგონ.
„ფოთის პორტი მუშაობს ზედა ზღვარზე, გაიჭედა კიდეც რამდენჯერმე, დღესაც გაჭედილია - პირადად ჩვენი ტვირთებიც. ფოთის პორტი არსებულ მოთხოვნას ვერ აუდის და გაზრდილ ტვირთებს როგორ გაუმკლავდება. ვისურვებდი, რომ სასწრაფოდ და პირველ რიგში, მოგვარდეს პორტების საკითხი, რადგან აღნიშნული ინფრასტრუქტურის გარეშე არაფერს აზრი არ აქვს. დამკვეთები ახალ გზებზე წავლენ და აღარ დაბრუნდებიან. იმ ფონზე, რომ უძლიერესი კონკურენტები გვყავს - თურქეთი, უკრაინა (რაღაც დროს აღდგება და შეიძლება იყოს ჩვენი კონკურენტი ამ მიმართულებით). მართალია საუბარი არის პორტებზე, თუმცა არ კეთდება. სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს პორტის საკითხი - ფოთი იქნება, ანაკლია თუ ბათუმი, ამას მნიშვნელობა ჩვენთვის არ აქვს. აღარ არის დრო, გვეკარგება ტვირთები,“- განაცხადა გივი ჩაჩანიძემ.
რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, როგორც COSCO SHIPPING LINES-ის კომერციულმა მენეჯერმა, „ბიზნესპარნიორთან“ აღნიშნა, შარშანდელთან შედარებით, განსაკუთრებული ზრდა არ ფიქსირდება, თუმცა პირველმა თვემ ძალიან დიდი ზრდა აჩვენა. როგორც გივი ჩაჩანიძე აცხადებს, იმ ფონზე, რომ "შუა დერეფანი" მიმდინარე წელს ტვირთბრუნვის გაორმაგების შესახებ აცხადებს, თუ არსებული პრობლემები (პორტებში ტვირთების გაჭედვა) მოგვარდება, ტვირთბრუნვა მიმდინარე წელს კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.