"სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება, როგორც მაგისტრალური, ასევე წინა სანავსადგურო თვალსაზრისით, აუცილებლად ახლავეა დასაწყები, რადგან დიდ დროსა და ფინანსებს საჭიროებს,“ - ამის შესახებ ამის შესახებ, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან სულაბერიძემ „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.
მისი ინფორმაციით, აუცილებელია, როგორც ანაკლიის, ასევე ფოთის პორტის განვითარებაც, რადგან მხოლოდ სახმელეთო გზით გადაზიდვა საკმარისი არ არის. მისივე თქმით, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფოთისა და ბათუმის ნავსადგურებს, რეგიონის - აზერბაიჯანის, სომხეთის სახით, ტრადიციული მომხმარებლები ჰყავს, სადაც ასევე გაიზრდება მოხმარება. შესაბამისად, საქართველოს რკინიგზის შესაძლებლობების ზრდაზე ფიქრი ახლავეა დასაწყები.
"ყულევსა და ფოთს შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სახით ამბიციური პროექტი ხორციელდება, რომელსაც, როგორც ვხვდები, მომარაგება რკინიგზის სახით ექნება. ეს კი ძალიან დიდი გამტარობის სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, როგორც მაგისტრალურ, ასევე ნავსადგურის მიმდებარე ინფრასტრუქტურას საჭიროებს. ანაკლიაში ამის შესაძლებლობა გვაქვს, რადგან იქ ყველაფერი ნულიდან კეთდება. ფოთის შემთხვევაში, სამწუხაროდ ისეა განვითარებული, რომ ქალაქია შემორტყმული ნავსადგურს და ფოთი გადასალაგებელია. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ჩემი აზრით, საერთოდ ახალი რკინიგზის სადგური არის ასაშენებელი. ფოთის ტერიტორია, თავისუფალი ადგილები ამის საშუალებას იძლევა. სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, როგორც მაგისტრალური თვალსაზრისით, ასევე წინასანავსადგურო ინფრასტრუქტურის კუთხით, აუცილებლად ახლავეა დასაწყები, იმიტომ, რომ საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია, რომელსაც დიდი ფინანსები და დრო სჭირდება,“ - განაცხადა ლევან სულაბერიძემ