logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"2025 წლის ბოლოს ახალციხეს, ნინოწმინდას, ადიგენს, ვალეს და ბორჯომს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება" - ქარსელაძე

"2025 წლის ბოლოს ახალციხეს, ნინოწმინდას, ადიგენს, ვალეს და ბორჯომს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება" - ქარსელაძე

1727417757

,,აქტიური ტემპით მიმდინარეობს წყალმომარაგების  მასშტაბური პროექტები  სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. 300 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ხორციელდება 24 დასახლებაში: ახალციხეში, ნინოწმინდაში, ბორჯომში, ბაკურიანში, ადიგენში, ვალეში და  მათ შორის,  მუნიციპალიტეტების სოფლებში“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებისას განაცხადა.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დაკვეთით 12  პროექტი მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება  300 მილიონი ლარია. აღნიშნული პროექტები  ეტაპობრივად, 2024-2027 წლებში დასრულდება  და ჯამში, 55 500-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით.

,,სამუშაოების პროგრესი განსხვავებულია. ახალციხის მიმდებარე 4 სოფელში პროექტები  წელს დასრულდება. ასევე, დასრულდება მეორე ეტაპის სამუშაოები ვალეში  და  ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.  ძალიან მასშტაბურია ბორჯომისა და ბაკურიანის მაგისტრალისა და ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია. მხოლოდ ახალციხისა და ნინოწმინდის პროექტის ფარგლებში,  ჯამში, 300 კმ ქსელისა და მაგისტრალის  მშენებლობა-რეაბილიტაცია მოხდება.  მნიშვნელოვანია, რომ შენდება როგორც ახალი რეზერვუარები, ასევე რეაბილიტაცია უტარდება უკვე არსებულებს.  გათვალისწინებულია  გამწმენდი ნაგებობებისა და სატუმბო  სადგურების მშენებლობაც“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე პროექტებს შორისაა ქალაქ ბორჯომის წყალმომარაგების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სათავე ნაგებობების, არსებული რეზერვუარებისა და სატუმბო სადგურების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების ქსელისა და აღრიცხვის კვანძების მოწყობას. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქის 29 000-მდე მაცხოვრებელი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. მიმდინარეობს სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანისა და წაღვერის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია-მშენებლობის მიმართულებითაც. ეწყობა  ჭაბურღილების, წყლის გამწმენდი ნაგებობების, რეზერვუარების, კორპუსის შიდა ქსელის, წყალმომარაგებისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელებისა და აღრიცხვის კვანძები.

ქალაქ ახალციხეში შენდება სატუმბო სადგური და რეზერვუარი,  რეაბილიტაცია უტარდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელს. სათავე ნაგებობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს დაბა ადიგენში,  აბასთუმანში  ეწყობა სერვის-ცენტრის შენობა და  წყალარინების ლაბორატორია.

ქალაქ ნინოწმინდასა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ასევე, ინტენსიურად  მიმდინარეობს  წყალმომარაგების სხვადასხვა  სამუშაო, მათ შორის, წყალგამანაწილებელი მაგისტრალის, წყალმომარაგების ქსელის, ნინოწმინდის სერვისცენტრისა და აღრიცხვის კვანძების მოწყობა.

,,თამამად შეიძლება ითქვას რომ ფაქტობრივად ყველა ინფრასტრუქტურული საინჟინრო ელემენტი, რაც წყალმომარაგებასთან არის დაკავშირებული ამა თუ იმ ფორმით და მასშტაბით,  წარმოდგენილია ამ მდებარეობებში. მნიშვნელოვანია, რომ 2025 წლის ბოლოს ახალციხეს, ნინოწმინდას, ადიგენს, ვალეს, ბორჯომს და ბევრ სხვა მდებარეობას ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

 

 

 

გამოგვყევით