Reuters-ის ცნობით Alibaba Group-მა სამშაბათს განაცხადა, რომ თავის ჩინურ უნივერმაღების ქსელ Intime-ს გაყიდის, რის შედეგადაც კომპანია 1.3 მილიარდით იზარალებს. მიზეზი ისაა, რომ საცალო გიგანტი თავის ბიზნეს პორტფელს ცვლის და ძირითად საქმიანობაზე - ელექტრონულ კომერციაზე ფოკუსირდება.
ეს ფაქტი Alibaba-ს რესტრუქტურიზაციის კიდევ უფრო დაჩქარებას ნიშნავს, რაც მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ გასულ წელს, ექვს ბიზნეს ერთეულად გაყო - მისი ყველაზე მასშტაბური რეფორმის ფარგლებში. ამის შემდეგ კომპანიამ ხელმძღვანელ თანამდებობებზე მრავალი ცვლილება გააკეთა.
გასულ თვეს Alibaba-მ პირველად წარადგინა გეგმა, რომ მისი ჩინური და საერთაშორისო ელექტრონული კომერციის პლატფორმები ერთ ბიზნეს ერთეულში გაერთიანდეს, რომელსაც ერთი ლიდერი უხელმძღვანელებს, რაც სერიოზული კონკურენციის პირობებშია აუცილებელი.
კონკურენტული პლატფორმები, როგორებიცაა PDD Holdings ,Pinduoduo და Temu, ასევე ByteDance-ის Douyin და TikTok, გაძლიერებულ კონკურენციას უწევენ Alibaba-ს. მომხმარებლებს ხარჯების შემცირების მიზნით, უმაღლესი ფასდაკლებით სთავაზობენ პროდუქციას, დაწყებული ყურსასმენებიდან, დამთავრებული სვიტერებით. ამავდროულად ჩინეთის რთული სამომხმარებლო გარემო ზეწოლას ახდენს ყველა საცალო ვაჭრობაზე და ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე.
„მოკლევადიან პერსპექტივაში Alibaba-ს არ აქვს რესურსი, რომ ფოკუსირდეს ფიზიკურ საცალო ვაჭრობაზე და ეს წარმატებით მართოს“, - განაცხადა Momentum Works-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიანგან ლიმ.
თუმცა, მისი თქმით, აქტივებისთვის სწორი მყიდველის სწორ ფასად პოვნა კვლავ გამოწვევაა.
Alibaba-მ სამშაბათს განაცხადა, რომ Intime-ს გაყიდის კონსორციუმზე, რომელიც Youngor Fashion-ისა და Intime-ს მენეჯმენტის წევრებისგან შედგება, 7.4 მილიარდი იუანის ($1.02 მილიარდი) სანაცვლოდ.
Alibaba-მ Intime 2017 წელს $2.6 მილიარდად შეიძინა, რათა ფიზიკურ საცალო ვაჭრობის სექტორში შესულიყო და ამჟამად კომპანიაში 99%-იან წილს ფლობს. Reuters-მა თებერვალში გაავრცელა ინფორმაცია, რომ Alibaba სხვადასხვა მომხმარებელზე ორიენტირებული აქტივების, მათ შორის Intime-ს, სასურსათო ბიზნეს Freshippo-ს და საცალო ქსელ RT-Mart-ის გაყიდვას გეგმავდა, რათა ძირითად საქმიანობაზე კონცენტრირებულიყო. იმ დროს, Alibaba-ს თავმჯდომარემ ჯო ცაიმ ანალიტიკოსებს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესებიდან გასვლას ლოგიკა აქვს, რთული საბაზრო პირობები პროცესს დროში გააჭიანურებს.
Alibaba-მ, ყოფილი ხელმძღვანელის დენიელ ჟანგის ხელმძღვანელობით, გააფართოვა თავისი გავლენა საცალო ვაჭრობის სექტორში, როდესაც რამდენიმე ფიზიკური ქსელი აითვისა, მათ შორის ელექტრონიკის საცალო მაღაზია Suning და ჰიპერმარკეტების ოპერატორი Sun Art Retail , რომელიც RT-Mart-ს მართავს.