logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

მოთხოვნა შემცირებული არ არის, თუმცა გაცილებით მასშტაბური რეალიზაციის მოლოდინი გვქონდა - "ანიგოზი"

კაკლის გადამმუშავებელი საწარმო „ანიგოზი“ 2024 წელს აჯამებს.  როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ანა ქევხიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, წინა წელთან შედარებით მოთხოვნა შემცირებული არ არის, თუმცა  კომპანიას გაცილებით მასშტაბური რეალიზაციის მოლოდინი ჰქონდა.

ანა ქევხიშვილი აღნიშნულს, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და მსოფლიოში კაკლის დეფიციტს უკავშირებს. 

"ჩვენს პროდუქტს სეზონურობა ახასიათებს და დეკემბერი სწორედ ის თვეა, როდესაც რეალიზაცია დიდი მასშტაბებით იზრდება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, რომ შევადაროთ ვფიქრობთ, რომ ისეთი მკვეთრი ზრდა არ გვექნება, როგორიც წინა წელს გვქონდა.

ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რა თქმა უნდა, მოქმედებს ჩვენს ბიზნესზე. ის ობიექტები, რომლებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ - Horeca სექტორი თუ სხვა, დროებით არ ფუნქციონირებს და შესაბამისად, ამას ჩვენს წარმოებაზე თავისი გავლენა აქვს.

ზოგადად ჩვენს სექტორს ისიც დაეტყო, რომ მსოფლიოში წლევანდელი წელი განსხვავებული იყო, კაკლის დეფიციტი შეიქმნა, რადგან დიდმა მწარმოებლებმა მოსავლის რაოდენობა შეამცირა. შესაბამისად, ფასების ზრდა დაფიქსირდა და ადგილობრივ ბაზარზე ბიუჯეტურ კაკალზე მოთხოვნა უფრო მკვეთრად გაიზარდა", - აცხადებს ანა ქევხიშვილი.

გარდა ამისა, კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა 2024 წელი წარმატებული იყო, რადგან ქართული კაკალი ევროკავშირის ბაზარზე შევიდა.

ანა ქევხიშვილის ინფორმაციით, "ანიგოზის" წარმოების 70% ექსპორტზე იყიდება და მომდევნო წელს, მათ საექსპორტო მიმართულებებს, შესაძლოა, ინდოეთიც დაემატოს. 

"ბევრმა საინტერესო ბაზარმა გაიცნო ქართული კაკალი. ჩვენი კომპანია აქტიურად თანამშრომლობს იტალიასთან, გალფის ქვეყნებთან, ლიბანთან, სომხეთთან და ასევე, აზერბაიჯანთან.  ასევე, მოლაპარაკებები გვაქვს ინდოეთთან და გვაქვს სურვილი, რომ მომდევნო წელს გავიდეთ", - აღნიშნა მან.

კაკლის გადამმუშავებელი საწარმო „ანიგოზი“ სოფელ მარტყოფში პანდემიის პერიოდში, კერძოდ 2021 წელს, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებით ამოქმედდა. პროექტში, დაახლოებით, 3 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო. თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო ამჟამად, ორი მიმართულებით მუშაობს, კერძოდ, ფერმერებისგან იბარებს როგორც სველ მდგომარეობაში, ახალ დაკრეფილ კაკალს, ასევე მშრალ კაკალს მეორადი გადამუშავებისთვის.

გამოგვყევით