ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ქართული ღვინო საფრანგეთის ღვინისა და გასტრონომიის პრესტიჟულ ფესტივალ Arts &Vin-ზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Le Pont Caucasien“ ორგანიზებით წარდგა.
ფესტივალს, რომელიც ქალაქ ტეულ-სულ-მერში (Théoule-sur-mer) გაიმართა, ყოველწლიურად ათასობით სტუმარი, მათ შორის, ღვინის პროფესიონალები და HoReCa სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.
ფესტივალის სტუმრებს ქართული ღვინო საფრანგეთში მოღვაწე ენოლოგმა, კომპანია Le Pont Caucasien-ის ხელმძღვანელმა ილია კახოიძემ წარუდგინა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის, მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნა მუდმივად მზარდია. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოდან საფრანგეთში 111 ათასი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 71%-ით არემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის 9 თვეში, ქართული ღვინო წარდგენილი იყო 21 გამოფენა/ფესტივალსა და 220-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ასევე ევროპისა და აზიის, ჯამში 20-მდე ქვეყანაში.