სილამაზის სალონი Beauty Studio 2024 წელს აჯამებს. როგორც სალონის დამფუძნებელი ნინო პავლიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მიმდინარე წელს, სალონურ მომსახურებაზე მოთხოვნა დაახლოებით, 10%-ით შემცირდა.
მისივე შეფასებით, აღნიშნულ სექტორში კვლავ გამოწვევად რჩება კვალიფიციური კადრების დეფიციტი და ბაზარზე არსებული კონკურენცია.
გარდა ამისა, ნინო პავლიაშვილის თქმით, წინა წელთან შედარებით მომსახურებებზე ფასები 5%-მდე გაიზარდა.
"კონკურენცია ყოველწლიურად იმატებს. ყველა ესთეტიკურ და სილამაზის სალონს ხსნის და შესაბამისად, ძველ სალონებზეც აისახება ეს. ჩვენ ამ კონკურენციას მომსახურების ხარისხს, კვალიფიციურ კადრებს და კომფორტულ გარემოს ვუპირისპირებთ და ვცდილობთ შევინარჩუნოთ მომხმარებლები. გარდა ამისა, კადრების დეფიციტია. რეალურად ძალიან ბევრი ადამიანი ეუფლება ამ პროფესიას, თუმცა მუშაობენ სახლებში და ასევე, არის კადრის გადინების პროცესი. ზოგადად, ყველაზე დეფიციტურია კვალიფიციური სტილისტის პოვნა.
წლის განმავლობაში ყველაზე მოთხოვნადი თმის მოვლის პროცედურებია და შემდეგ ამას ფრჩხილის პროცედურები მოჰყვება. მომსახურების ფასები წინა წელთან შედარებით 5%-მდე გაიზარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თვითონ გვეზრდება პროდუქციის ღირებულება და ხარჯი", - აცხადებს ნინო პავლიაშვილი.