საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სს „თითელ აშშ ჯგუფს“ USA2GEORGIA-ს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის - შეცდომაში შემყვანი უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას GCCA ავრცელებს.
კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადასტურდა, რომ მოვაჭრის მიერ სოციალურ ქსელ-LinkedIn-ზე გავრცელდა რეკლამა, რომლის მიხედვითაც ამანათის გადაფუთვის მომსახურების ჩართვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, რაც რეალობას არ შეესაბამება. კერძოდ, სავაჭრო პოლიტიკის შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ ამანათის მოვაჭრის აშშ-ის ოფისში მიტანამდე.
ასევე, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან ნაკლიანი მომსახურების შესრულების ფაქტი. კერძოდ, მომხმარებლებს მოვაჭრის სავაჭრო პოლიტიკის შესაბამისად გააქტიურებული ჰქონდათ გადაფუთვის მომსახურება, თუმცა USA2GEORGIA-მ გადაფუთვის სერვისი არ განახორციელა, რის გამოც მომხმარებლებს ტრანსპორტირების საფასურის გაზრდილი ოდენობით გადახდა მოუწიათ.
შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 1 თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.