საქართველოს მთავრობა აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) 13 535 000 ევროს სესხს იღებს. ახალი ხელშეკრულების თანახმად, ეს თანხა მსხვილი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კვლევით სამუშაოებს მოხმარდება. პირველი ტრანშით დაფინანსდება თბილისში დაგეგმილი ახალი აეროპორტის მშენებლობამდე ჩასატარებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რისთვისაც გათვალისწინებულია 2 300 000 ევრომდე.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძემ აცხადებს, სანამ პროექტის განხორციელება დაიწყება, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უნდა ჩატარდეს.
"ამ კვლევებს ჩვენი რესურსის ფარგლებში ვაკეთებთ ხოლმე, თუმცა, მსხვილ პროექტებში, რომელიც 100-200 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულებისაა, მიზანშეწონილია უფრო გამოხდილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტებიც ჩაერთოს. შესაბამისად, ჩვენ აზიის განვითარების ბანკთან გვქონდა მოლაპარაკება და ამ მიზნით ჯამურად 13 535 000 ევრო გამოიყოფა, რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში ყველა მსხვილი პროექტის შესწავლაში დაგვეხმარება.
პირველი, რაზეც ეს თანხა იქნება გამოყენებული, არის თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობა, ამ მიმართულებით 2 300 000 ევრომდე დაიხარჯება. დარმწუნებული ვარ, მომდევნო წლებში არაერთი მსხვილი პროექტი იქნება - ენერგეტიკა თუ სხვა, რომლის განხორციელებამდე მოხდება ამ რესურსის გამოყენება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურძიემ პარლამენტში საკითხის განხილვისას.
შეგახსენებთ,თბილისში, ვაზიანის ტერიტორიაზე, ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, რომელიც 2029 წელს გაიხსნება. აეროპორტი პირველ ეტაპზე, წლიურად, 10 მლნ-მდე, ხოლო მეორე ფაზის დასრულების შემდეგ კი - 20 მილიონამდე მგზავრის გატარებას შეძლებს.