logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ჩიკორი" ამერიკის ბაზარზეც შევიდა

კომპანია "ქარელის ხილის" მიერ "ჩიკორის" ბრენდით წარმოებული პროდუქტი ექსპორტზე ამერიკაშიც გავიდა. როგორც "ბიზნესპარტნიორს" კომპანიის თანადამფუძნებელმა ანანო ბეჟანიშვილმა განუცხადა, ამერიკაში პირველი სატესტო პარტია  დაახლოებით 3  კვირის წინ გაიგზავნა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიასთან პარტნიორობს და თავდაპირველად "ჩიკორის" პროდუქციის გაყიდვა მათ პლატფორმაზე მოხდება.

"რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ამერიკის ბაზრის მიმართულებით განვვითარდეთ. სამომავლო გეგმებში ასევე, გვაქვს AMAZON-ზე გასვლაც და ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ", - აღნიშნა მან.

ანანო ბეჟანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე "ჩიკორის" პროდუქციის 50% ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო 50% ექსპორტზე იყიდება. 

"ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე. წელს პრობლემური წელი იყო, თუმცა დაახლოებით, 15%-იანი ზრდა გვაქვს. ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პროდუქცია სხვადასხვა არხის საშუალებით იყიდება, ქსელურ მარკეტებსა და ჩვენს ვებგვერდზე. ახალი წლის პერიოდში შეკვეთების დაახლოებით, 20-30% კორპორატიული ნაწილია. რაც შეეხება ექსპორტს - რამდენიმე ქვეყანაში გავდივართ. მათ შორის, ესტონეთი, ლიუტივა, ლატვია, პოლონეთი და გერმანია", - აცხადებს ანანო ბეჟანიშვილი. 

"ჩიკორის" თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მომავალი წლიდან კომპანია სახეობების დამატებას გეგმავს.

ცნობისთვის, კომპანია "ქარელის ხილი" ქარელის რაიონში 2016 წელს გაიხსნა. 2017 წელს კი პროდუქციის წარმოება დაიწყო და ჩირი ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით გამოვიდა. ამ ეტაპზე, 15 სახეობის ჩირებს, შოკოლადიან ჩირებს და თხილეულს აწარმოებენ. "ქარელის ხილის" წლიური წარმადობა 200 ტონას შეადგენს. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს. 

გამოგვყევით