ამერიკის სამომხმარებლო ფინანსური დაცვის ბიურომ (CFPB) დაამტკიცა ახალი რეგულაცია, რომელიც მიზნად ოვერდრაფტის საკომისიოების შემცირებას ისახავს. ამის შესახებ CNN-ი წერს.
წესების შესაბამისად, ბანკების მომხმარებლები ყოველწლიურად 5 მილიარდ დოლარს დაზოგავენ. ახალი წესების თანახმად, რომლებიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა, ოვერდრაფტის საკომისიო მაქსიმუმ 5 დოლარით შემოიფარგლება, რაც არსებულ 35-დოლარიან ტარიფთან შედარებით საგრძნობი დანაზოგია.
CFPB-ის შეფასებით, ის ოჯახები, რომლებიც რეგულარულად იხდიან ოვერდრაფტის საკომისიოს, წლიურად დაახლოებით 225 დოლარს დაზოგავენ. ბიურომ ასევე შესთავაზა ბანკებს ალტერნატივები: ან საკომისიოები მხოლოდ ხარჯებთან შესაბამისობაში იყოს, ან ოვერდრაფტის სესხები ჩვეულებრივი სესხების პირობებით განიხილებოდეს.
„ბევრი წელი ყველაზე დიდი ბანკები სამართლებრივი ხარვეზით სარგებლობდნენ და მომხმარებლების დეპოზიტებიდან მილიარდობით დოლარს იღებდნენ“, — განაცხადა ბიუროს დირექტორმა როჰიტ ჩოპრამ.
ეროვნული ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელმა ლეილ ბრეინარდმა აღნიშნა, რომ ეს ცვლილება ამერიკის მოსახლეობას დიდ შეღავათს მოუტანს.
„ოვერდრაფტის გადაჭარბებული საკომისიოები განსაკუთრებით აწვება იმ ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ ფინანსურ სტაბილურობას მიაღწიონ,"- განაცხადა ბრეინარდმა.
მიუხედავად მომხმარებელთა შეღავათისა, საბანკო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნულ ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ახალი რეგულაცია მომხმარებლებზე კარგად არ აისახება.
„ბიურომ უგულებელყო ის ინოვაციები, რომლებიც მომხმარებლების ინტერესების დასაცავად განვითარდა,“ — განაცხადა ამერიკის საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა რობ ნიკოლსმა.
ახალი რეგულაციის მოქმედება 2025 წლის 1 ოქტომბერს უნდა დაიწყოს, თუმცა მის აღსრულება , განსაკუთრებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში,შესაძლოა გართულდეს.
TD Cowen Washington Research Group-ის ანალიტიკოსმა ჯარეტ სეიბერგმა განაცხადა, რომ რეგულაციის გაუქმების ყველაზე სავარაუდო გზა სასამართლო პროცესები იქნება, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ოვერდრაფტზე შეზღუდვები რესპუბლიკური პარტიის პოპულისტურ მიდგომას შეესაბამება. ამ თემის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა junk fees-ის (არასაჭირო ხარჯების) წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო. ინიციატივა მომხმარებელთა უფლებების დაცვას და სხვადასხვა მომსახურების ხარჯების გამჭვირვალობას ისახავს მიზნად, მათ შორის ბანკების საკომისიოებზე, ავიაბილეთებსა და სასტუმროებზე.