ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 1.0 პროცენტით გაიზარდა და 14 395.8 მილიონი კილოვატ-საათი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.
2023 წლის განმავლობაში მოპოვებულია 38.9 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2022 წელთან შედარებით 6.3 პროცენტით მეტი), 148.0 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 1.2 პროცენტით მეტი) და 16.4 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 12.3 პროცენტით მეტი).
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, შეშის წარმოება უმნიშვნელოდ 0.1 პროცენტით გაიზარდა და 1 114.5 ათასი მ3 შეადგინა.
წარმოების სტრუქტურაში უდიდესი წილი (77.7 პროცენტი) მოდის ელექტროენერგიაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებისგან წარმოებული ენერგია (13.1 პროცენტი), რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი სახეობის ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდება.
2023 წელს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებამ 12 268.5 მილიონი კილოვატ-საათი შეადგინა, რაც 8.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. 2023 წლის მონაცემებით, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 3 368.8 მილიონი მ3 (წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტი), ხოლო ბუნებრივი გაზის საბოლოო მოხმარებამ ამავე პერიოდში 2 516.3 მილიონი მ3 შეადგინა, რაც 0.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. 2022 წელთან შედარებით ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირდა საგზაო ტრანსპორტში და მრეწველობის ცალკეულ დარგებში. შინამეურნეობების სექტორში ბუნებრივი გაზის მოცულობა გაიზარდა უმნიშვნელოდ, 0.4 პროცენტით. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1 455.8 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი (წინა წელთან შედარებით 5.8 პროცენტით მეტი). ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 42.0 პროცენტი მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (29.0 პროცენტი) და ელექტროენერგია (20.5 პროცენტი). წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 4.0 პროცენტს შეადგენს ქვანახშირი, ხოლო დარჩენილი 4.5 პროცენტი მოდის ბიოსაწვავზე, გეოთერმულ და მზის ენერგიაზე.
2023 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის და შინამეურნეობების სექტორები, რომლებზეც მოდის მთლიანი მოხმარების, შესაბამისად 33.3 და 30.9 პროცენტი. რაც შეეხება სხვა დარგებს, 16.1 პროცენტი — მრეწველობის, 4.5 პროცენტი — მშენებლობის, 0.6 პროცენტი — სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგებზე, ხოლო დარჩენილი 14.6 პროცენტი კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება.