მთაწმინდის რაიონში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
„კადეტთა კორპუსი იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენ დავიწყეთ სრული განახლება. მოგვიწია შენობის ერთი ფლიგელის დემონტაჟი, რადგან არ ექვემდებარებოდა რეაბილიტაციას. სამშენებლო სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია. აქ ასამდე ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც დროებით ქირით გვყავს გაყვანილი. მომავალი წლისთვის მთლიანად დავამთავრებთ კეთილმოწყობის სამუშაოებს, ასევე გამწვანდება და მოწესრიგდება ეზო. რაც მთავარია, აქ მცხოვრებ ადამიანებს დაუბრუნდებათ გარემონტებული საცხოვრებელი ფართები. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ალამაზებს დედაქალაქს, უნდა შენარჩუნებულიყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი და თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ აბაშიძე.
ე.წ. კადეტთა კორპუსის შენობა XIX საუკუნის მნიშვნელოვან არქიტექტურულ ობიექტს წარმოადგენს, პროექტი კი ძველი იერსახის შენარჩუნებით, შენობის აღდგენას, ახალი მიშენების მოწყობას, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.
შენობის ავარიული შუა ფლიგელის დემონტაჟი უკვე განხორციელდა და მის ნაცვლად, მონოლითური კონსტრუქციის მშენებლობა მიმდინარეობს. დასრულებულია ასევე, ლაღიძის ქუჩის მხარეს არსებული ფლიგელის კონსტრუქციული გამაგრება.
ამ ეტაპზე მიმდინარებს შენობის ნაწილზე შიდა სარემონტო, ხოლო ლაღიძის ქუჩის მხარეს მდებარე ფლიგელში ფასადის ლესვის სამუშაოები. გარდა ამისა, ხორციელდება შენობის ნაწილის სადემონტაჟო, კონსტრუქციული გამაგრების, მიშენების ნაწილში კი, მიწის სამუშაოები.
სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 27 048 791 ლარს შეადგენს, კომპანია „ბრიტანია ქონსთრაქშენი“ ახორციელებს. პროექტი 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება.