ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი ინიციატივა, რომელიც ნაწილობრივ აუქმებს სამშენებლო სექტორში მცირე მეწარმეებისთვის არსებულ საგადასახადო შეღავათს, სამშენებლო სექტორში ფასების ზრდას მცირედით გამოიწვევს, თუმცა, ხელშესახები დოზით - არა. ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" დეპუტატი, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი ბეჟან წაქაძე აცხადებს.
"ვფიქრობ, ამის გამო დიდი ცვლილება არ იქნება. თუ ინდ. მეწარმე ამ ცვლილების გამო შეეცდება თავისი მომსახურების ფასები გაზარდოს კომპანიებთან თანამშრომლობის დროს, ამ შემთხვევაში ეს გაზრდილი ფასი გატარდება ხარჯებში და თავისთავად, მოგების გადასახადი შემცირდება. ცოტა სხვაობა იქნება, თუმცა ისეთი არა, რომ ამან სამშენებლო ბიზნესს დაარტყას, ასეთი მოსალოდნელი არ არის. მცირედით გაძვირება იქნება,"-აცხადებს წაქაძე.
მისი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს ეს ინიციატივა დროული იყო, ამით მთავრობამ გაათანაბრა ფიზიკური და იურიდიულ პირების დაბეგვრა, მათ შორის, ეს ეხება სამშენებლო სექტორს.
ცვლილება 2025 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება, რადგან მანამდე ფიზიკური პირები საკმარისად ინფორმირებულნი იყვნენ. როგორც წაქაძე აცხადებს, ამ დრომდე იმუშავებს ფინანსთა სამინისტრო, რათა ამ კატეგორიის ადამიანებს (ესაა ძირითადად, ფიზიკური პირები, ეს არ არის საწარმოს გადასახადი) ინფორმაცია მიაწოდოს.
"ცვლილება გარკვეული სახის/კატეგორიის საწარმოებში გაწეულ მომსახურებებზე, მათ შორის სამშენებლოზე გავრცელდება. ინდ.მეწარმეები საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან, დრო ამიტომ ვითხოვეთ, მივეცით პერიოდი, რომ თითოეულ მეწარმე პირებამდე დავიყვანოთ, რადგან მათ მოახდინონ ადაპტირება,"-აცხადებს წაქაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გუშინ განიხილა და მხარი დაუჭირა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ ინიციატივას, რომელიც მეტწილად აუქმებს სამშენებლო სექტორში მცირე მეწარმეებისთვის არსებულ საგადასახადო შეღავათს. საუბარია შეღავათზე, რომელიც მცირე მეწარმეებისთვის შესაძლებელს ხდის დაიბეგრონ მხოლოდ 1%-ით.
ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, მამუკა ბარათაშვილის განცხადებით, ამ ცვლილების შედეგად ბიუჯეტში 200 მილიონი ლარის გადასახადები შევა. თავდაპირველად ცვლილების ამოქმედება 2025 წლის 1 იანვრიდან იგეგმებოდა.
საქმე ეხება მშენებლობის სექტორში მცირე მეწარმის სტატუსს, ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ამ სტატუსს ანიჭებენ კომპანიაში დასაქმებულ მუშებს, რომლებიც არა დაქირავების ხელშეკრულებით, არამედ სერვისის მიწოდების ხელშეკრულებით მუშაობენ და აწვდიან სერვისს კომპანიებს და შედეგად 20%-ის ნაცვლად 1%-ით იბეგრებიან.