Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, 2025-28 წლებში, FMCG ბაზრის (პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობა) შემოსავლები წლიურად, 8%-ით გაიზარდება და 31.7 მილიარდ ლარს მიაღწევს. საინვესტიციო ბანკის კვლევაში აღნიშნულია, რომ FMCG ბაზრის ზრდის წარმმართველო ფაქტორი იქნება მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის ზრდა.
ამასთან, ბრენდული ქსელები სხვა ფორმატებზე მაღალი ტემპით ზრდას განაგრძობს გეოგრაფიული ექსპანსიისა და სტრატეგიული განვითარების ხარჯზე.
2025-28 წლებში (+24.5%-იანი ზრდა 2021-24 წლებში),ბრენდული ქსელების ბაზარი წლიურად 14.8%-ით გაიზრდება, რაც 2028 წლისთვის საბაზრო წილის მიმდინარე 40.7%-დან 52.0%-მდე ზრდას გამოიწვევს.
galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, 2024 წელს FMCG ბაზრის ზომა 23.3 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც წლიურად 9.5%-იანი ზრდაა. 2024 წელს FMCG სექტორის შემოსავლების ზრდა ძირითადად მოთხოვნის ფაქტორით არის განპირობებული, რადგან ფასისმიერი ეფექტი მინიმალურია.
აღსანიშნავია, რომ ბრენდული ქსელები სხვა ფორმატებზე მაღალი ტემპით იზრდება - 2024 წელს ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდა წლიურად 14.9%-ით 9.5 მლრდ ლარამდეა მოსალოდნელი, ხოლო სხვა ფორმატების ზრდა 6.1%-ის დონეზე. შედეგად, ბრენდული ქსელების წილი 40.7%-ია, რაც დინამიკაში მზარდია.
კვლევის მიხედვით, 2024 წელს ბრენდული ქსელების 500 ახალი მაღაზია დაემატა ბაზარს და მაღაზიების რაოდენობამ 4,000-ს გადააჭარბა. ამასთან, გათანაბრდა თბილისსა და რეგიონებში ბრენდული მაღაზიების რაოდენობა, თუმცა ერთი მაღაზიის გაყიდვები თბილისში საშუალოდ დაახლოებით 30%-ით აღემატება რეგიონების მაჩვენებელს. შესაბამისად, ბრენდული ქსელების ჯამურ შემოსავლებში თბილისის წილი 56.7%-ს შეადგენს.