კომუნიკაციების კომისიამ, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, კონფერენცია „გონების უპირატესობა ხელოვნურ ინტელექტზე - მედია და ინფორმაციული წიგნიერება ციფრულ სამყაროში“ ჩაატარა, რომელიც მიზნად ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების, გამოწვევებისა და ამ პროცესში მედიაწიგნიერების მნიშვნელობის განხილვას ისახავდა. ღონისძიებაში მონაწილეობას კომუნიკაციების კომისიის წევრი, ნათია კუკულაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია იღებდნენ.
კონფერენცია კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა, ოთარ ჭელიძემ გახსნა პრეზენტაციით „მედიაწიგნიერება AI ეპოქაში“, რომლის ფარგლებშიც მიმოიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა AI-ის გამოყენების ტენდენციები მსოფლიოსა და საქართველოში, მედიაწიგნიერების მნიშვნელობა თანამედროვე ეპოქაში, AI ჰალუცინაცია, Deepfake, AI აგენტები და სხვა.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსია „ხელოვნური ინტელექტი - შესაძლებლობები და საფრთხეები“, რომელსაც მოდერაცია ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ გაუწია. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ და ციფრული განათლებისა და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტმა, ზვიად გაბისონიამ; ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ტექნოლოგიების პროფესიონალმა და BTU-ს ასისტენტ-პროფესორმა, ირაკლი გოგატიშვილმა; საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, გიგი გორგაძემ და IT აკადემია სტეპის საქართველოს ფილიალის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, მაკა მახათაძემ. სესიის ფარგლებში მონაწილეებმა განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა, ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკები და AI-ის რეგულაციის საკითხები მიმოიხილეს.
კონფერენციის ფარგლებში გამართულ მომდევნო პანელურ დისკუსიას „გონება vs ხელოვნური ინტელექტი“ წარმოადგენდა, რომელსაც მოდერაციას ComCom-ის მედიალაბის ხელმძღვანელი, რუსუდან ჩაჩანიძე უწევდა. სესიაში მონაწილეობას სტარტაპ Widgera-ს თანადამფუძნებელი, სანდრო ბოლქვაძე; Velini-ს თანადამფუძნებელი, გიორგი ხანიშვილი; ასევე, ბიოფიზიკოსი, Institut de Génétique et de Biologie Moléculaire et Cellulaire-ის მკვლევარი და AI სპეციალისტი, ლაშა დალაქიშვილი და ფსიქოლოგიის დოქტორი და ალტერბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, ანი გვეტაძე იღებდნენ. დისკუსიის ფარგლებში AI-სა და ადამიანის გონების განსხვავებული შესაძლებლობები, ასევე, თითოეულის ძლიერი თუ სუსტი მხარეები განიხილებოდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე ComCom-ის მიერ შექმნილი AI პერსონაჟი - კაი იღებდა, რომელიც დამსწრე აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგა და მათ საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა უსურვა.
UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და საზოგადოებაში მედიაწიგნიერებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების პროცესში მეტი დაინტერესებული მხარის ჩართვა, ერთ-ერთი პრიორიტეტია.