თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა სამიტის მონაწილე მსოფლიოს წამყვან საინვესტიციო ფონდებისა და საფინანსო სეტორში მოქმედი მსოფლიოს ლიდერი კომპანიების დირექტორებსა და ვიცე პრეზიდენტებს შეხვდა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი და მსხვილი კომპანიები, როგორებიცა არიან Accel, Ant International, Hivenet, BR Capital, Bybit, RedotPay, Eisele Capital, Coinbase, Finandir და სხვა.
შეხვედრის მონაწილეებს ნათია თურნავამ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, მაკროეკონომიკური გარემო, საფინანსო ბაზარი და ფინტექ ეკოსისტემის განვითარების შესაძლებლობები გააცნო.
ნათია თურნავას თქმით, „თბილისის ფინანსური სამიტმა“ თავი მოუყარა რეგიონისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან ინვესტორებს, რომელთაც მრავალმილიარდიანი პორტფელები აქვთ. მისივე განცხადებით, სამიტის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ნაწილი სწორედ ინვესტორებთან ურთიერთობა იყო.
„მათ აქვთ სურვილი საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. რამდენიმე მათგანმა უკვე განახორციელა ინვესტიციები ჩვენს საფინანსო სექტორში. ისინი ბაზარს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ, მაგრამ ძირითადად ეს ყველაფერი ახალ ფინანსურ პროდუქტებზე, ახალ სესხებზე, ახალ საგადახდო მექანიზმებზე იქნება გათვლილი, რაც საბოლოო ჯამში ჩვენს ბაზარზე კონკურენციას გააძლიერებს. შეხვედრაში მონაწილე ინვესტორთა ნაწილი ჩვენს საბანკო სისტემასთან აპირებს თანამშრომლობას. აქ საუბარია მცირე ზომის ბანკებზე და მათი გაძლიერება კარგია ჩვენი საფინანსო ბაზრისთვის კონკურენციის თვალსაზრისით. ნაწილს აქვს სურვილი საქართველოში ახალი საფინანსო ორგანიზაცია დააფუძნოს. ეს შეიძლება იყოს ახალი ბანკი, საგადახდო სერვისის პროვაიდერი ან ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერი - ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ფინანსურ ინფრასტრუქტურასთან. მიხარია, რომ საქართველო მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველია, როგორც ჰაბი. ჩვენი მიზანი და სურვილიც სწორეს ეს არის, რომ მსხვილმა გლობალურმა კომპანიებმა საქართველოში დააფუძნონ ბიზნესები და აქედან მოემსახურონ, როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონის მომხმარებლებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ნინო ჯელაძე.