CNN- წერს, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კიდევ უფრო დიდ მასშტაბებეზე გავიდა . ილონ მასკის ქონებამ 400 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მას ისტორიაში პირველ ადამიანად აქცევს, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია, იტყობინება CNN-ი Bloomberg-ზე დაყრდნობით.
მასკის ქონების თითქმის 20 მილიარდი დოლარით ზრდა დაკავშირებულია SpaceX-ის ახალ გარიგებასთან, რომელმაც კომპანიის შეფასება დაახლოებით 350 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. Bloomberg-ის ცნობით, SpaceX-მა და მისმა ინვესტორებმა 1.25 მილიარდი დოლარის აქციების შიდა შესყიდვაზე შეთანხმება გააფორმეს.
CNN-მა კომენტარისთვის SpaceX-ს მიმართა, თუმცა კომპანიას მედიასთან ურთიერთობა ხშირად არ აქვს. 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მასკის პირადი ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა. პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპთან მჭიდრო თანამშრომლობამ მისი ბიზნესები ყურადღების ცენტრში მოაქცია. მასკი Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორია, ასევე X-ის მფლობელი და Neuralink-ის, xAI-ისა და The Boring Company-ის ხელმძღვანელია. ამჟამად მასკი, ვივეკ რამასვამთან ერთად, ახალ „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს“ (DOGE) უხელმძღვანელებს. ამასთან ერთად Tesla-ს აქციებმა ოთხშაბათს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, როცა ვაჭრობის დასასრულს 424.77 დოლარად დაიხურა.
როგორც Tesla-ს უმსხვილესმა აქციონერმა, მასკმა აქციების გაძვირებით დიდი მოგება მიიღო. ბაზრის საერთო ზრდამაც, განსაკუთრებით NASDAQ-ის 20,000 ნიშნულზე ასვლამ, მისი ქონება ასევე გაზარდა. Tesla-ს აქციების ღირებულება არჩევნების დღიდან 65%-ით გაიზარდა, რადგან ინვესტორები ფიქრობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის რეგულაციების შემსუბუქება კომპანიას სარგებელს მოუტანს.
მასკის ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა, xAI-მ, ნოემბერში დაფინანსების ახალ რაუნდში მონაწილეობით თავისი ღირებულება 50 მილიარდ დოლარამდე გააორმაგა, იუწყება Wall Street Journal-ი. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ნოემბრის დასაწყისიდან 136 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. მიუხედავად იმისა, რომ მილიარდერთა ინდექსის პირველ ადგილებზე ცვლილებები ხშირად ხდება, მასკი სიაში მყოფ მილიარდელებს საგრძნობლად უსწრებს.
დეკემბრის მონაცემებით, მასკის ქონება 140 მილიარდი დოლარით აღემატებოდა მეორე ადგილზე მყოფ ჯეფ ბეზოსს, Amazon-ის დამფუძნებელს.