სასტუმრო "ქვევრების" დამფუძნებლის გიორგი როჩიკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე სასტუმროში ყველა ჯავშანი გაუქმდა.
როგორც ის "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ბოლო პერიოდში მოთხოვნა საერთოდ არ შემოდის არც შიდა და არც გარე ტურიზმიდან.
"საერთოდ არავინ არ გვყავს. გაჩერებულია ყველაფერი. ბიზნესისთვის უკვე შეუძლებელია ფუნქციონირება. ჩვენ ვიხდით კომუნალურებს, სხვადასხვა სახის გადასახადს, მათ შორის, პერსონალის ხელფასებს და როდესაც ჯავშნები არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს ზარალია ბიზნესისთვის" - აცხადებს გიორგი როჩიკაშვილი.
ცნობისთვის, ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები საპროტესტო აქციებს თითქმის 1 კვირაა, რაც ყოველ დღე მართავენ.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო "ქვევრები" 2023 წელს შეიქმნა. ტერიტორია სამ ჰექტარზეა განთავსებული და მოიცავს 20 ქვევრ-ნომერს, ხოლო სამსართულიან სასტუმროში 17 ნომერია. ფუნქციონირებს ასევე რესტორანი და ბარი, საკონფერენციო სივრცე და ღია აუზი.
პროექტი "აწარმოე საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდა და მთლიანი ინვესტიცია 10 მილიონ ლარამდეა.