2024 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 266.70 მლნ აშშ დოლარი (729.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.6%-ით (28.3 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მარეგულირებლის ინფორმაციით, ყველაზე მეტად ( 60.63%) ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან არის შემცირებული. 55.96%-ითაა შემცირებული ყაზახეთიდან.
ყველაზე მეტი თანხა – 50.05 მილიონი აშშ დოლარი აშშ-დან გადმოირიცხა, მეორე ადგილზეა იტალია- 45.16 მილიონი აშშ დოლარით, მესამე ადგილს 29.76 მილიონი აშშ დოლარით რუსეთის ფედერაცია იკავებს, ხოლო მეოთხე ადგილზეა გერმანია - 23.77 მილიონი აშშ დოლარით, მეხუთე ადგილზე კი – საბერძნეთი, 21.46 მილიონი აშშ დოლარით.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.7% იმ 23 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ნოემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 96.1% მოდიოდა.
2024 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.3 მლნ აშშ დოლარი (91.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2023 წლის ნოემბრის (31.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.7% მეტია.