საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარდგენილი „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) შორის სასესხო შეთანხმება (ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტი)“ განიხილა და მხარი დაუჭირა.
მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, შეთანხმება ითვალისწინებს კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის სესხის გამოყოფას, რომლის მოცულობა 158, 424310 ევროა, ხოლო სესხის ხანგრძლივობა 25 წელი, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 10 წელი.
პროექტის მიზანია საავტომობილო გზის მონაკვეთების მშენებლობა – ბადიაურიდან ჩალაუბნამდე, ჩალაუბნიდან ბაკურციხემდე და გურჯაანიდან თელავამდე.
პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.