„ბუნებრივია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ მაღალია ინტერესი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საპორტო სიმძლავრეების გაზრდისთვის არსებული პროექტი, ეს არის, ზოგადად, რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ანაკლიის ნავსადგურის პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას.
როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური უმნიშვნელოვანესი პროექტია შუა დერეფნის კონტექსტში.
„ჩვენ გავიმყარებთ პოზიციებს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი კვანძის და, ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ. ახლაც, როდესაც ვსაუბრობთ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიაში ხორციელდება შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები. „იან დე ნულ“-ის ფლოტში შემავალი ორი დამაღრმავებელი გემი ჩვენს აკვატორიაში დამაღრმავებელ სამუშაოებს ახორციელებს - შენდება ის ტალღმჭრელი, რომელმაც უნდა დაიცვას აკვატორია და შევძლოთ დიდი ზომის გემების მიღება, რასაც დღეს, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ვერ ვიღებთ საქართველოში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა გასულ დღეებში ბათუმში გამართული საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართ არსებულ მაღალ ინტერესზე.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება - ჩვენ გადავედით ე.წ. ლენდლორდ მოდელზე, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმწიფო ფლობს და აშენებს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას. ამასთან, სახელმწიფო აშენებს საგზაო და სარკინიგზო კავშირს ნავსადგურამდე და ჩვენ უკვე ღია ვართ, ჩვენს პარტნიორებს გავუზიარეთ ინფორმაცია, რომ სატერმინალო ოპერირებას განახორციელებს კერძო სექტორი. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, სახელმწიფო შესაბამის ნაბიჯებს დგამს, რომ შეირჩეს ისეთი პარტნიორები, რომლებიც შეძლებენ როგორც ინვესტიციების მოზიდვას, ასევე ტვირთის მოტანას და ამ მიმართულებით ექნებათ შესაბამისი გამოცდილება“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.