logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"1-ელი აპრილიდან ერთჯერადი პლასტმასის ნივთების გაყიდვა აიკრძალება" - სოლომონ პავლიაშვილი

პირველი აპრილიდან აიკრძალება ერთჯერადი პლასტმასის ნივთების, მათ შორის, კოვზის, ჩანგლის და ა.შ. გაყიდვა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ყველა ინსტიტუცია ჩართულია აღნიშნული რეგულაციის აღსრულებაში და მინისტრის მოადგილე ბიზნესებს კონსტრუქციულობისკენ და ჩართულობისკენ მოუწოდებს.

"პლასტმასის მოხმარების შემცირების მიმართულებით რეგულაციები 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა. საკითხი გლობალურია, ამიტომ ჩვენ საკმაოდ თანმიმდევრულები ვართ. გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ გვქონდა ბიზნესთან შეხვედრა.ჩვენ ბიზნესს ვადა მივეცით, რომ მარაგები ამოყიდონ და მოიძიონ ალტერნატივები.  

ჩვენ გავითვალისწინეთ ბიზნესის შეხედულებები და სწორედ ამიტომ, რეგულაციის აღსრულება 1-ელი აპრილისთვის გადავწიეთ. სახელმწიფო დაწესებულებებს, სიპებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და ასევე სახელმწიფო საწარმოებს პლასტიკის ბოთლების შეძენა შეეზღუდებათ.

რაც შეეხება რეგულაციის აღსრულების მექანიზმს - ეს არის იმპორტირებული პროდუქცია და იმპორტის ჩაკეტვა ყველაზე მარტივია. საბაჟო სამსახური საკმაოდ აქტიურად მუშაობს. ყველა ინსტიტუცია ჩართულია ამ საქმეში", - აცხადებს სოლომონ პავლიაშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ სამინისტრო ასევე, 1-ელი ივლისიდან HoReCa სექტორში 3 ლიტრამდე პლასტმასის ბოთლების გამოყენების აკრძალვას გეგმავს. გარდა ამისა, მომავალი წლიდან, შესაძლოა საერთოდ აიკრძალოს ბიოდეგრადირებული და კომპოსტირებული პარკების გამოყენება და მთავარი აქცენტი მრავალჯერად პროდუქციაზე გაკეთდება. 

შეგახსენებთ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ 2022 წლის 8 ივნისის N304 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა.

ცვლილება, რომელიც ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შევიდა, ითვალისწინებს სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვას.

გამოგვყევით