საქართველოში სამუშაო ვიზიტით ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი პიტერ მოზერი იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის დამეგობრებას, 2019 წელს წინ უძღოდა სამთო-მომპოვებელ კომპანია არემჯისა და ლეობენის სამთო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომელმაც კერძო კომპანიას, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ავსტრიის სამთო უნივერსიტეტს შორის სამმხრივ თანამშრომლობას ჩაუყარა საფუძველი.
სტუ-ში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი, რათა ერთობლივად იმუშაონ საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებაზე განათლების, მეცნიერებისა და კვლევის სფეროში. სამომავლოდ მხარეთა საერთო ინტერესს ერთობლივი კვლევითი და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების, სემინარების, კონფერენციების და თემატური შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება წარმოადგენს.
„ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე სტანდარტებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მეცნიერებაზე, კვლევაზე დაფუძნებული საწარმოო პროცესების მართვა. ვთვლით, რომ მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია ეს არის ჩვენი ქვეყნის და სამთო-გეოლოგიური დარგის მომავალი. არემჯის აღნიშნული თანამშრომლობა მისცემს შესაძლებლობებს, მოხდეს ჩვენი მოქმედი თანამშრომლების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ავსტრიაში, ერთ-ერთ წამყვან სამთო უნივერსიტეტში. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ავსტრიაში, საერთაშორისო განათლება მიღებულები სტუდენტები საინტერესო იქნებიან ჩვენი კომპანიისთვის.“ - განაცხადა არემჯის სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელმა გიორგი ხეცურიანმა.
„ჩემთვის და ჩემი უნივერსიტეტისთვის, საკმაოდ მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ხელს ვაწერთ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მომავალი თანამშრომლობის შესახებ, როგორც განათლების, ასევე კვლევის სფეროში. ორივე უნივერსიტეტისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ლეობენის უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია მინერალური რესურსების მდგრადი განვითარების იდეა, რასაც განვახორციელებთ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის, კვლევის, საქმიანობის და საერთო ინიციატივების მეშვეობით. მოუთმენლად ველი ვიხილო ამ თანამშრომლობის შედეგები. „ - აღნიშნა ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის რექტორმა პიტერ მოზერმა.