ყველაფერს აქვს თავისი ფასი, ჩვენ მაგალითად, გაგვიყიდია გამონაკლისების გარეშეც პოლისები. მეტიც, პლასტიკური ქირურგიაც კი შეიძლება დაიფაროს სადაზღვევო პოლისით, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოსაზრება, რომ სადაზღვევო კომპანიები პოლისში ძალიან ბევრ რამეს წერენ გამონაკლისში, სწორი მოსაზრება არ არის.
„თუ კლიენტს უნდა, რომ გამონაკლისები იყოს მინიმალური, სადაზღვევო კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, ყველა ეს გამონაკლისი ამოიღონ სადაზღვევო პაკეტიდან. თუმცა, ამ შემთხვევაში, შესაბამისი ფასწარმოქმნა აისახება უკვე ინდივიდუალურად, სადაზღვევო პრემიას რასაც ვეძახით ყოველთვიურ შენატანზე. ჩვენმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეები ძალიან სენსიტიურები არიან სადაზღვევო პაკეტების ფასებთან მიმართებაში, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად ორგანიზაციები, შეიძლება, სრულად არ უფარავდნენ ოჯახის, ან პირად დაზღვევას და მათ უწევთ საკუთარი ჯიბიდან გადახდა“, - განმარტა კობახიძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ის ვინც ხშირად მოიხმარს კერძო სადაზღვევო პოლისს, მან იცის ამ პროდუქტის ფასი და ასეთი ადამიანები კერძო დაზღვევაში რჩებიან.
„ამიტომ, იმის თქმა, რომ სადაზღვევო კომპანიები გამონაკლისებს ბევრს წერენ - ეს ასე არ არის. უბრალოდ, კლიენტის მოთხოვნიდან გამომდინარე, ფასის მიხედვით, შესაძლებელია შედგეს უგამონაკლისო პოლისი“, - აღნიშნა "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.