logo
Loading data...

"დღეს, როგორც ბინების დღიური, ისე გრძელვადიანი გაქირავების შემთხვევაში, მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს"

"დღეს, როგორც ბინების დღიური, ისე გრძელვადიანი გაქირავების შემთხვევაში, მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს"

1714397675

უძრავი ქონება საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან საინვესტიციო აქტივად რჩება, შესაბამისად, მასზე როგორც მოთხოვნა, ისე ფასები წლიდან წლამდე მზარდია - ასეთია სექტორის წარმომადგენლების შეფასება.

„ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში ისინი ამბობენ, რომ მიგრაციული ეფექტის ამოწურვის შემდეგაც, ბაზარი დინამიკურად ვითარდება და მკვეთრი რყევები არ შეინიშნება არც ტრანზაქციების და არც ღირებულების ნაწილში. მეტიც, სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებში ელიან, რომ მიმდინარე წელს უძრავ ქონებაზე სტაბილური ფასები შენარჩუნდება, მოთხოვნა კი კვლავ მზარდი იქნება, ვინაიდან ქვეყანაში ჯერ კიდევ მაღალია ავარიული ბინების ფონდი, რომელთა ჩანაცვლებაც მიმდინარეობს.

რაც შეეხება ამჟამინდელ სტატისტიკურ მონაცემებს ფასებთან მიმართებით, საქსტატის მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი თითქმის არ შეცვლილა და 1%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13% პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით კი ინდექსის ზრდა გაცილებით თვალშისაცემია და 41%-ს აღემატება.

განსხვავებით გასაყიდი უძრავი ქონების ფასებისგან, სადაც აღმავალი ტრენდი ფიქსირდება, კლების ტენდენციაა ქირის ფასებზე. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიგრაციის გამო, ხელოვნურად გაზრდილი ფასები ნელ-ნელა ქვევით მოდის. თან, ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ჯერჯერობით როგორც ბინების მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი გაქირავების შემთხვევაში, მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას.

„ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას, საქართველოში Airbnb-ის მენეჯმენტი კომპანია Wehost-ის დამფუძნებელი ნიკა ანჯაფარიძე ამბობს, რომ ბინების როგორც ხანგრძლივ, ისე დღიურ გაქირავებაზე მოთხოვნის შემცირება 2023 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო. მისი თქმით, თუ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში გაზრდილი მიგრაციის გამო, მოქალაქეები ბინების გრძელვადიან გაქირავებაზე გადავიდნენ, ახლა ეს ადამიანები კვლავ ბინების მოკლევადიანი გაქირავების სერვისს დაუბრუნდნენ, რამაც სექტორში კონკურენცია გაზარდა. Wehost-ის  თანახმად, ამაზე მიუთითებს ბინების გასაქირავებელ საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოდან განთავსებული ბინების მზარდი რიცხვიც. მაგალითისთვის, თუ ადრე Airbnb-ზე თბილისიდან გასაქირავებელი ბინების რაოდენობა პირობითად 12-13 ათასი იყო, დღეს ეს მაჩვენებელი, საშუალოდ, 20 ათასამდეა გაზრდილი.

რაც შეეხება ქირის ფასებს, თიბისი კაპიტალის ბოლო მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში გასაქირავებელი ფასი კვადრატულ მეტრზე 12 დოლარს გაუტოლდა და წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 5%-ით შემცირდა. თუმცა, დარგის ექსპერტების განმარტებით, ქირის ღირებულების კლება არ ნიშნავს იმას, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონება არა საინტერესო დაზოგვის ინსტრუმენტი ხდება, რადგან აქ ამონაგები კვლავ საკმაოდ მაღალია.

მარი მელიქიშვილი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით