logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"კოსმო" დეკემბრიდან ვერცხლის აქსესუარების ხაზს ამატებს

ვერცხლის აქსესუარების ხაზი გაყიდვაში, დაახლოებით, 3 კვირაში ჩაეშვება. ეს იქნება სხვადასხვა სამკაული, მათ შორის, ბეჭედი, საყურე, ყელსაბამი და სხვა, - ამის შესახებ ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების საწარმო "კოსმოს" თანადამფუძნებელმა სოფი მუხულიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ზოგიერთი ხელნაკეთი ნივთი ლიმიტირებული კოლექციის სახით იქნება წარმოდგენილი. მანვე აღნიშნა, რომ ვერცხლის ხაზი ყველა ფილიალში ხელმისაწვდომი იქნება. 

სოფი მუხულიშვილის განცხადებით, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა მზარდია.

"ზუსტი მონაცემები გაყიდვების ზრდასთან დაკავშირებით წლის ბოლოს გვექნება, თუმცა მოთხოვნა თითქმის გვიორმაგდება ხოლმე და ამ შემთხვევაშიც ასეთ სურათს ველოდებით. შესაბამისად, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე საჭირო გახდა კადრების დამატება და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გუნდი 90%-ით გაიზარდა", - აცხადებს სოფი მუხულიშვილი.

რაც შეეხება ექსპორტს - "კოსმოს" პროდუქცია ამ ეტაპზე, აქტიურად იყიდება დანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ჰოლანდიაში, ხოლო ჩინეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ჩინეთი ბაზრის ათვისება ჩვენთვის გამოწვევად რჩება. ვიმყოფებოდით გამოფენაზე, სადაც ერთ-ერთმა მაღაზიამ ნიმუშები წაიღო და ბუნებრივია დანარჩენი მოლაპარაკებების საგანია. ახალ ბაზარზე შესვლას დრო სჭირდება და ჩვენ, რა თქმა უნდა, მოთმინებით მივყვებით ახალ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს", - აცხადებს სოფი მუხულიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ექსპორტზე ჯამში წარმოების 10% იყიდება.

გარდა ამისა, "კოსმოს" თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ჩართულობა ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია და კომპანია თითქმის ყველა ღონისძიებაში ერთვება.

ცნობისთვის, ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების კომპანია „კოსმო“ 2015 წელს დაარსდა. საწარმო თბილისში, ვაჟა ივერიელის 24-ში, 300 არაგველის მეტროსთან მდებარეობს. მათი პროდუქციისთვის ნედლეულის დიდი ნაწილი არის თურქეთიდან, თუმცა წარმოებაში გამოყენებულია სხვა ქვეყნიდან შემოტანილი მასალა და ასევე, გარკვეული პროცენტული წილი ქართულ ტყავსაც უჭირავს. „კოსმოს“ ამჟამად 8 ფილიალი აქვს - კერძოდ, 2 ფილიალი ბათუმში და 5 ფილიალი თბილისში, 1 ფილიალი გორში და 3 პარტნიორი მაღაზია ქუთაისში. პროდუქციის რეალიზება „კოსმოს“ ფილიალებში, ონლაინ (სოც. მედია პლატფორმების და საიტის www.cosmo.com.ge საშუალებით) და პარტნიორ მაღაზიებში ხდება.

გამოგვყევით