logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ლუმიერსი" ბათუმში ორი ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს

"ლუმიერსი" ბათუმში ორი ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს

1709710995

ჩეხური ტკბილეულის ნაირსახეობა – ბუხრის ნამცხვრის ე.წ. ტრდელნიკის  მწარმოებელი კომპანია ‘’ლუმიერსი“ ქსელის გაფართოებას გეგმავს. 

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ემილ  კურბანოვი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ზაფხულის სეზონის დადგომამდე, კომაპნია  ბათუმში ორ  მაღაზიას ერთდროულად გახსნის, რაც ‘’ლუმიერსის“ რიგით მეექვსე და მეშვიდე ფილიალები იქნება.

ორივე  ობიექტის  საინვესტიციო ღირებულება $60 000 იქნება. 

"ლუმიერსი" ე.წ. take away ტიპის  საკონდიტროა, რომელიც  რამდენიმე დასახელების "ტრედლინიკს" (კლასიკური, შოკოლადის ან ვანილის კრემით, ნაყინით,სხვადასხვა სეზონური ხილიტა და თხილეულით)   ამზადებს.

"გაფართოების გეგმას მივყვებით, 2024 წელს ჩვენი მეხუთე ფილიალი ,,ისთ ფოინთში“ გაიხსნა.  ბათუმში ქსელის გაფართოებისთვის  ფაქტობრივად ყველა სამუშაო გაწეულია და ვართ ფართის ძიებაში. მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ერთ-ერთ კომპანიასთან და  როგორც კი  ხელშეკრულება გაფორმდება, ინფრასტრუქტურის გამართვას დავიწყებთ.  ერთ თვეზე მეტი არ დავჭირდება. ზაფხულამდე ორივე ობიექტი უნდა გავხსნათ - ერთი ბულვარის ტერიტორიაზე, მეორე -  ქალაქის ცენტრალურ ნაწილში," - განმარტავს ემილ კურბანოვი.

მისივე ინფორმაციით, გაფართოების გადაწყვეტილება ბრენდმა, მათ პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინატე მიიღო.  როგორც "ლუმიერსის" დამფუძნებელი აღნიშნავს, 2023 წელს კომპანიამ 2022 წელთან შედარებით 45%-იანი ზრდა აჩვენა. კურბანოვი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წლის ბოლოსაც კომპანია ანალოგიურ მასშტაბებზე გავა. 

ამ ეტაპზე  "ლუმიერსი"  ბაზარზე 5 ფილიალით არის წარმოდგენილი. მომხმარებლების დიდ ნაწილს ადგილობრივები შეადგენენ. როგორც ემილ კურბანოვი აღნიშნავს, 2-3 წლის წინ გაყიდვებში 80%-ს უცხოელი ტურისტები შეადგენდნენ. ამ  ეტაპზე  კი პირიქითაა - ტურისტების წილი შემცირებულია.  ამის  ერთ-ერთ მიზეზად ადგილობრივ მომხმარებლებში "ტრდელნიკის" მიმართ ცნობადობის ზრდა სახელდება. 

ცნობისთვის, "ლუმიერსის" პირველი მაღაზია თბილისში 2018 წელს, პუშკინის ქუჩაზე გაიხსნა, რასაც მოჰყვა ლისის ტბის ფილიალი. "ლუმიერსის" მესამე ობიექტი ილია ჭავჭავაძის #10-ში პანდემიის დროს გაიხსნა,მეოთხე - კოტე აფხაზის ქუჩაზე და ბოლოს უკვე "ისთ ფოინთში“.

გამოგვყევით