ჩეხური ტკბილეულის ნაირსახეობა – ბუხრის ნამცხვრის ე.წ. ტრდელნიკის მწარმოებელი კომპანია ‘’ლუმიერსი“ გაზაფხულის ბოლოდან სამარხვო მიმართულების ამოქმედებას გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ემილ კურბანოვი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროდუქციის მიმართ დიდი მოთხოვნაა როგორც ადგილობრივი მომხმარებლების, ასევე ტურისტების მხრიდან, რის გამოც ტრდელნიკის წარმოებაში სიახლის შეტანა გადაწყდა.
‘’საკმაოდ ბევრია მომხმარებელი გარკვეულ დღეებში ჩვენი პროდუქციის შეძენისგან თავს იკავებს, რადგან ეს არ არის სამარხვო. უცხოელებისთვის კი ვეგანურ ნაწარმთან ასოცირდება. ორივე კატეგორიის მომხმარებელზე თანაბრად არის გათვლა. აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, ამისთვის, ცომი, რასაც ვიყენებთ, უნდა იყოს სამარხვო და ამავე დროს შევცვალოთ შიგთავსის ინგრედიენტები. ვინაიდან ტრადიციული ევროპული ტრდელნიკი ნატურალური პროდუქტით მზადდება, სამარხვოს შემთხვევაშიც ამ ნიშას შევინარჩუნებთ. ავთენტური გემო შეიძლება არ ჰქონდეს, მაგრამ მინიმუმ, 90%-ით იქნება მიმსგავსებული“, - განმარტავს ემილ კურბანოვი.
"ლუმიერსის“ დამფუძნებლის თქმით, დღის წესრიგში ჯერჯერობით არ დგას, თუმცა სამომავლოდ კომპანია დიაბეტური ხაზის გახსნასაც განიხილავს.
"თავიდან, როცა წარმოებას ვიწყებდით, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ოდესღაც შეიძლებოდა სამარხვო ვარიაციებზე გვესაუბრა. ახლა ეს გადაწყვეტილება მივიღეთ და დიდ სამზადისში ვართ, საქმე თითქმის ბოლომდე მივიყვანეთ. ამიტომ არ გამოვრიცხავთ, სამომავლოდ დიაბეტური ხაზის შექმნაზეც ვიფიქროთ და ამისკენაც მივმართოთ რესურსი“, - აცხადებს კურბანოვი ‘’ბიზნესპარტნიორთან“.
მისი ინფორმაციით, იგეგმება, რომ საწყის ეტაპზე სამარხვო ტრდელნიკებს წარმოების 10% დაეთმოს, რომლის მაჩვენებელიც მოთხოვნის შესაბამისად ეტაპობრივად გაიზრდება.
პროდუქტის ნედლეულის ნაწილი ქართულია, ნაწილი, ძირითადად შიგთავსისთვის საჭირო ინგრედიენტები კი ევროპიდან შემოაქვთ და იტალიური ან ფრანგულია.
რაც შეეხება ფასს, ყველაზე პოპულარული "ლუმიერს ფეშალი" 12 ლარი ღირს, დანარჩენი ტრდელნიკის საწყისი ფასი 8-10 ლარის ფარგლებშია.
ცნობისთვის, ,,ლუმიერსის“ პირველი მაღაზია თბილისში 2018 წელს, პუშკინის ქუჩაზე გაიხსნა, რასაც მოჰყვა ლისის ტბის ფილიალი. „ლუმიერსის“ მესამე ობიექტი ილია ჭავჭავაძის #10-ში პანდემიის დროს გაიხსნა,მეოთხე - კოტე აფხაზის ქუჩაზე და ბოლოს უკვე ‘’ისთ ფოინთში“.
მარი ჩიტაია