კომპანია „კოდას“ წარმოების დირექტორმა, გიორგი ავალიანმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა სრული მზაობა პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
მისი განცხადებით, მწარმოებლებს არ სურთ, რომ ფასების შემცირება მხოლოდ მათ ხარჯზე მოხდეს და ამისათვის საჭიროა კომპლექსური მუშაობა.
„ჩვენი კომპანიის სახელით მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ საკითხზე გახსნილი რიცხვებით შეგვიძლია, რომ ჩართულები ვიყოთ ამ პროცესში. ჩვენი მხრიდან მოხდა ფასის კლება და არ გვინდა, რომ ფასის შემცირება იყოს მხოლოდ კომპანიების, მწარმოებლის ხარჯზე, ამისთვის კომპლექსური მუშაობა არის საჭირო, შესაბამისად ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ჩართულები ვიყოთ,“- განაცხადა გიორგი ავალიანმა.
შეგახსენებთ, სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ხელმძღვანელებს.
საპარლამენტო კომისიამდე ფასებთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო სამთავრობო კომისიამ. გადაწყვეტილება პრემიერის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც საქართველოში სურსათის ფასების მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ფასებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა აპრილში იქნება.
კომისიის წევრები ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს შესახებ მსჯელობენ.