შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. ბუქარესტში რუმინეთის ეროვნული ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას Transelectrica ავრცელებს.
„ამ მემორანდუმის ხელმოწერა ასახავს შავ ზღვაში წყალქვეშა კაბელის პროექტის მიერ დაფიქსირებულ მნიშვნელოვან პროგრესს, ასევე ტრანსელექტრიკის მტკიცე ვალდებულებას, ხელი შეუწყოს რეგიონისთვის სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან მჭიდრო თანამშრომლობა აძლიერებს რუმინეთის, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის როლს და მხარს უჭერს ენერგოუსაფრთხოების, ბაზრის ინტეგრაციისა და მწვანე ენერგიაზე გადასვლის ევროპულ მიზნებს“, - განაცხადა ელექტროენერგიის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა სტეფანიტა მუნტეანუმ.
ამასთან, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ითანამშრომლებენ პროექტისთვის საჭირო სხვადასხვა ტიპის კვლევების, მათ შორის შავი ზღვის ფსკერის გეოტექნიკური და გეოფიზიკური, ფინანსური, სამართლებრივი/მარეგულირებელი, გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების კვლევების ჩატარების კუთხით. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში ინსტიტუციური წარმომადგენლობის კოორდინირებულ უზრუნველყოფას.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში აღნიშნავენ, რომ წელს იტალიური საკონსულტაციო კომპანია CESI-ს მიერ განხორციელებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ პროექტი ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია. პროექტი შეტანილია ელეტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის (ENTSO-E) 2022 და 2024 წლების ათწლიანი ქსელის განვითარების გეგმაში (TYNDP) და წარდგენილია ENTSO-E TYNDP 2026 გეგმაში შეტანის მიზნით.
2025 წლის დეკემბერში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა ევროკავშირისგან PCI/PMI-ს (საერთო ინტერესის პროექტი) სტატუსი მიიღო, რაც პროექტს მთელ რიგ უპირატესობებს ანიჭებს, მათ შორის დაფინანსების ნაწილში.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. , 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი საქართველოდან შავი ზღვის გავლით რუმინეთს დაუკავშირდება.