„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, შემეცნებითი ტურის ფარგლებში, თანამედროვე განათლების აკადემიის უფროსკლასელები ეწვივნენ. ინფორმაციას სსე ავრცელებს.
სსე-ის სათავო ოფისში მოსწავლეებს პრეზენტაცია ჩაუტარდათ, როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში, ასევე ზოგადი ენერგეტიკის შესახებ, მათ შორის განახლებადი ენერგიის წარმოების განვითარებაზე. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.
უფროსკლასელებმა მოინახულეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და გაეცნენ მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე.
შემეცნებითი ტური გაგრძელდა სსე-ის ქვესადგურში „ნავთლუღი 220“, სადაც მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების ფუნქციონირების შესახებ, უშუალოდ ჩაერთნენ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობით ელექტროგადამცემი ხაზების შემოწმების პროცესში. უფროსკლასელებმა დაათვალიერეს სსე-ის სასწავლო ცენტრი, სადაც მომავალი ენერგეტიკოსები უსასყიდლოდ გადიან სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის შემეცნებით ტურებს 2016 წლიდან ატარებს, რაც, პირველ რიგში, ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესებას ემსახურება. სსე ასევე ორიენტირებულია, მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები.
შემეცნებითი ტურები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის მთელი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.