logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

1770794671

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"როგორც ყოველთვის, მისასალმებელია აქტიური ჩართულობა და უკუკავშირი მკითხველებისგან, რომელთა კომენტარებსაც ეთმობა დღევანდელი მაკროეკონომიკური განახლება. კერძოდ, განხილულია მიმდინარე მაჩვენებლები, როგორებიცაა ინფლაციის ბოლო დინამიკა და მისი გავლენა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთსა და ლარის კურსზე, სავალუტო კონვერტაციები და უცხოური ვალუტის რეზერვები, უახლესი ინდიკატორები და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, აგრეთვე დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის განსაზღვრის სახელმძღვანელო პრინციპები. თიბისი კაპიტალის ბოლო ორი მაკროეკონომიკური პუბლიკაცია  საქართველოს ეკონომიკის 2025 წლის ვრცელ მიმოხილვას და 2026 წლის პროგნოზებსა და საქართველოს კომერციული უძრავი ქონების სექტორში გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის წარმატების მაგალითს მიეძღვნა. 

დავიწყოთ ინფლაციით. იანვარში ფასები წლიურად 4.8%-ით გაიზარდა, რაც დეკემბრის 4%-იან მაჩვენებელზე მეტია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროგნოზი 2026 წლის პირველ ორ თვეში ინფლაციის აჩქარება იყო, იანვრის ინფლაცია მცირედით, თუმცა მაინც ჩვენს 4.5%-იან საბაზო სცენარზე მაღალია. აღსანიშნავია, რომ სეზონურად შესწორებულ თვიურ ჭრილში ინფლაცია საკმაოდ აჩქარდა. აგრეთვე, მართალია ფასების ზრდა დიდწილად სურსათის ქვეჯგუფში იყო კონცენტრირებული, თუმცა აღმავალი დინამიკა სამომხმარებლო კალათის არა ცალკეულ პროდუქტებში, არამედ შედარებით ფართო ასორტიმენტში დაფიქსირდა. 

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ინფლაციის პროგნოზის ზრდის მიმართულებით გადახედვაა საჭირო? შესაძლოა, თუმცა მხოლოდ მცირედით: იმპორტული ინფლაცია სუსტი რჩება, შრომის ბაზრიდან ზეწოლა არ იკვეთება, მომსახურების ინფლაცია კი - რომელიც გრძელვადიან ტენდენციებს ყველაზე ზუსტად ასახავს - თვიურ ჭრილში მცირედი ზრდის მიუხედავად მაღალი არაა. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მარტისთვის ფასების წლიური ზრდა 4%-ს დაუახლოვდება, ხოლო შემდგომ თანდათან შენელებას განაგრძობს. ინფლაციის პროგნოზის კუთხით ასევე საყურადღებოა გაზაფხულიდან, ერთი მხრივ, ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდა და, მეორე მხრივ, სურსათის ფასების შესაძლო კორექტირება, რასაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გავლენა ექნება და, კონკრეტული ინფორმაციის არარსებობის გამო, მოცემულ პროგნოზში გათვალისწინებული ჯერჯერობით არ არის.

მაღალი ინფლაცია, თავისთავად, უფრო მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას მოიაზრებს. თუმცა, ერთი მხრივ, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებისთვის არა მიმდინარე ინფლაცია, არამედ მისი პროგნოზია მნიშვნელოვანი. შესაბამისად, რადგან საბაზო სცენარი კვლავ ინფლაციის შენელებაა, სახეზეა რეფინანსირების განაკვეთის შემცირების წინაპირობაც. მეორე მხრივ, მიმდინარე ინფლაციის მნიშვნელოვანი მერყეობა მოლოდინებზე ახდენს გავლენას, რაც, შესაძლოა, პროგნოზს გადაეცეს. გასათვალისწინებელია იანვარში ფასების ზრდის ტემპის აჩქარებაც. საბოლოო ჯამში, მონეტარული პოლიტიკის შერბილების დაწყების თარიღზე გადაწყვეტილება სებ-ის მიერ ერთჯერადი ფაქტორების გავლენის შეფასებაზეა დამოკიდებული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა დღეს, 11 იანვარს გაიმართება. ჩვენი უცვლელი პროგნოზით, განაკვეთი წლის ბოლომდე 7.5%-მდე შემცირდება.

რაც შეეხება ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზს, გამოვყოფთ ორ ფაქტორს. პირველ რიგში, ვინაიდან ინფლაციის მიმდინარე დინამიკა იმპორტული პროდუქციის გაძვირებით არ არის განპირობებული, ლარის გამყარება ფასებზე ზეწოლის შემცირების კუთხით ნაკლებად რელევანტურია. თუმცა, ამავდროულად, ლარი ზედმეტად გაუფასურებული რჩება, გაცვლით კურსსა და ინფლაციას შორის მჭიდრო კავშირი კი ცალსახაა. გასათვალისწინებელია ადგილობრივ საქონელსა და მომსახურებაში იმპორტული შუალედური პროდუქციის ფაქტორიც, ისევე როგორც იმპორტის კომპონენტი შერეული პროდუქციის ინფლაციაში. შესაბამისად,  გარკვეულწილად მაგრამ მაინც, ეს მიმდინარე პერიოდში ლარის უფრო მეტად გამყარების არგუმენტია, განსაკუთრებით სავალუტო ბაზარზე არსებული სიჭარბის ფონზე.

ამასთან, აუცილებლად ცალკე გამოსაყოფია სავალუტო კონვერტაციები - სიმარტივისთვის, დეპოზიტების ლარიზაცია - რომლებიც 2025 წელს ლარის მხარდამჭერი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი იყო. მოლოდინების შესაბამისად, 2026 წელს კონვერტაციების ეფექტი უკვე თითქმის ამოწურულია. ყოველდღიურ ინდიკატორებზე დაყრდნობით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია მცირედით შემცირდა. ამავდროულად, ინტერვენციები, რომლებიც ლარიზაციასთან მჭიდრო კავშირშია, ჩვენი შეფასებით, ასევე შენელდა და იანვარში, დაახლოებით, 80 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა, თებერვლის პირველი კვირის მონაცემებით, კვლავ გააქტიურებულია.

საერთო ჯამში, საბაზო სცენარში 2026 წელს ლარის მცირედი გაუფასურება არა მხოლოდ სავალუტო კონვერტაციების ეფექტის მილევას უკავშირდება, არამედ 2025 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული საგარეო ბალანსის გარკვეულ გაუარესებასა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გაზრდილ ალბათობასაც. აღნიშნულ ფაქტორებს გარკვეულწილად აბალანსებს სებ-ის გაზრდილი სავალუტო რეზერვები. მთლიანმა რეზერვებმა იანვრის ბოლოს 6.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო წმინდა რეზერვებმა (სსფ-ის ნასესხობის სპეციალური უფლების გარეშე) – 3.5 მილიარდ აშშ დოლარს.

რაც შეეხება უახლეს ინდიკატორებს, იანვარში უნაღდო დანახარჯები გააქტიურებულია, უფრო მეტადაც კი, ვიდრე ამას ეკონომიკური ზრდის ნორმალიზების ჩვენი საბაზო სცენარი მოიაზრებს. აჩქარება შეინიშნება არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯებშიც. საპირისპიროდ, თებერვლის პირველ რამდენიმე დღეზე დაყრდნობით, უკვე შენელების ტენდენცია იკვეთება, თუმცა სრული თვის ჭრილში დასკვნების გამოტანაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია.

გასული რამდენიმე წლის დასაწყისში თიბისი კაპიტალის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები, როგორც წესი, საბაზრო კონსენსუსზე მაღალი იყო. საპირისპიროდ, მიმდინარე წელს ჩვენი 4.5%-იანი საბაზო სცენარი როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ჭრილში ყველაზე დაბალია, თუმცა, ჩვენი შეფასებით, აღნიშნულ ნორმალიზებას როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფაქტორები განაპირობებს. რასაკვირველია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უკრაინაში ომის დასრულების პოტენციურ ვადებსა და პირობებს, რაც ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება, თუმცა წმინდა ეფექტი, ჩვენი შეფასებით - რაც, შესაძლოა, მიმდინარე მდგომარეობით, საბაზრო კონსენსუსი არ არის - გარკვეულწილად მაინც უარყოფითი იქნება.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ დაფინანსების ოპტიმალური მულტისავალუტო კალათის განსაზღვრის საკითხმა მეტი ინტერესი გამოიწვია. ამდენად, სად შეიძლება მკითხველმა იხილოს კალათის კონკრეტული სტრუქტურა? რასაკვირველია, ბიზნესზე ინდივიდუალურად მორგებული ანალიზი ყველაზე ეფექტიანია, თუმცა განზოგადებული მაჩვენებლების გათვალისწინებაც ძალზე სასარგებლოა.

ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ თიბისი კაპიტალის გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგია ოთხ საფეხურს აერთიანებს, რომელთაგან თითოეული აუცილებელია ოპტიმალური სავალუტო კალათის განსაზღვრისთვის. ეს მოიცავს შემოსავლებისა და ვალდებულებების შესაბამისობის უზრუნველყოფას, ბიზნესის ციკლურობის, სხვადასხვა დანახარჯის გათვალისწინებას, რისკის აპეტიტს და ა.შ., რაც დეტალურად ჩვენს ბოლო პუბლიკაციაში არის განხილული. რაოდენობრივი შეფასებები თიბისი კაპიტალმა პირველად ჯერ კიდევ 2019 წელს გამოაქვეყნა, 2024-2025 წლებში კი მკითხველს რეგულარულ განახლებებს სთავაზობდა. უფრო კონკრეტული სახელმძღვანელო პრინციპები, პრაქტიკული ცხრილის სახით, უახლოეს პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი.

ბოლო დინამიკის კუთხით, აშშ დოლარი 2026 წელს როგორც ევროს, ასევე სავაჭრო პარტნიორების მიმართ დამატებით გაუფასურდა, თუმცა თებერვალში ეს ტენდენცია ნაწილობრივ შეიცვალა. აღნიშნული კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ უჩვეულო ვოლატილურობას, რომელიც ბოლო პერიოდში აშშ დოლარს ახასიათებს და, ჩვენი შეფასებით, სტრუქტურულ ფაქტორებს ასახავს. შესაბამისად, ევროს გამყარება ჩვენს პროგნოზებთან სრულ თანხვედრაშია. მკითხველს შევახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში თიბისი კაპიტალმა ვრცელი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელიც ოქროს ფასების დინამიკის ანალიზსა და ლარი/ევრო/დოლარის სტრატეგიისთვის მის მნიშვნელობას დაეთმო. სწორედ ამ პუბლიკაციაში იყო დასაბუთებული აშშ დოლარში უფრო მეტი სესხის აღების მიზანშეწონილობა. მას შემდეგ, ევრო დამატებით, დაახლოებით, 3%-ით არის გამყარებული.

როგორ უნდა ვიმოქმედოთ ახლა, როდესაც ევრო გამყარდა? ერთი მხრივ, ევროს ბოლოდროინდელი გამყარება ევროში უფრო მეტი სესხების არგუმენტია, თუმცა, მეორე მხრივ, საბაზო სცენარი ევროს დამატებით გამყარებაა, ხოლო აშშ დოლარის პერსპექტივა საშუალოვადიან პერიოდში სუსტი რჩება, რაც უკვე დოლარში მეტი სესხების მხარდამჭერი ფაქტორია. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ, მართალია ისტორიულად ლარი ევროსთან მიმართებით უფრო სტაბილურია, მაგრამ უკრაინაში კონფლიქტის რეზოლუციის სცენარი ერთდროულად მიგრანტების პოტენციურ გადინებასა და ევროს გამყარებას მოიაზრებს. ამდენად, ამ სცენარში ლარი, პირიქით, შესაძლოა, გაუფასურდეს, რაც სესხის აღებისას ასევე ევროს წილის შემცირების არგუმენტია. ჯამურად, მართალია, ეს ყველაფერი ერთი შეხედვით კომპლექსურად გამოიყურება, თუმცა მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ გასული ხუთი წლის გაცვლითი კურსის თიბისი კაპიტალის წონასწორული შეფასებების გამოყენებით, საქართველოს კორპორატიულ სექტორში ჯამურად 6.5 მილიარდი ლარის პოტენციური სარგებლის მიღება იქნებოდა შესაძლებელი, მაშინ როდესაც კორპორატიული სესხების საშუალო პორტფელი ამავე პერიოდში 16.9 მილიარდ ლარს შეადგენდა", - აღნიშნულია მაკროეკონომიკური განახლებაში.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007346-macro-update-georgia

გამოგვყევით