logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"კულა" HIPP-ის ქარხანაში ხილ-ფაფების წარმოებას აგვისტოში იწყებს

"კულა" HIPP-ის ქარხანაში ხილ-ფაფების წარმოებას აგვისტოში იწყებს. როგორც საკონსერვო წარმოება "კულას" დამფუძნებელი ვანო გოგლიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ბავშვთა კვების ხაზის პროექტი ჯერჯერობით შეჩერებულია.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ბაზრის კვლევას აწარმოებს თუ რამდენად ენდობა ქართულ წარმოებას ადგილობრივი მოსახლეობა. 

"დანადგარები ჩამოტანილი გვაქვს და ალბათ, თებერვლის ბოლოდან დავიწყებთ მონტაჟს და გვაქვს იმედი, რომ მაისში დავასრულებთ. ბავშვთა კვების ხაზი ჯერჯერობით შეჩერებულია. ქარხანაში მოხდება ბავშვთა კვებისთვის ნახევარფაბრიკატების გადამუშავება და შემდეგ გადავალთ ბავშვთა კვების ხაზის უფრო მეტად განვითარებაზე. ეს ნახევარფაბრიკატი, ხილ-ფაფები დიდი დაფასოების პროდუქციაა, დასაწყისისთვის ჩვენვე მოვიხმართ და ბაზარზე ისევ "კულას" სახელით გაიყიდება. ანუ არსებული ხილ-ფაფების ხაზს უფრო მეტად გავაძლიერებთ", - აცხადებს  ვანო გოგლიძე.

ცნობისთვის, საკონსერვო  წარმოება "კულამ" საქართველოში არსებული ბავშვთა კვების მწარმოებელი გერმანული კომპანია HIPP-ის აქტივები - საწარმო და საწყობი იყიდა. საწარმო ქარელის რაიონის სოფელ აგარაში მდებარეობს, საწყობი კი ხაშურში. ვანო გოგლიძის ინფორმაციით, "კულა" 4 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 4 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. 

კომპანია ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისგან და გლეხებისგან იბარებს. ის 2009 წლიდან არსებობს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად "კულას" აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. კომპანიას თავისი პროდუქცია დაახლოებით, 28 ქვეყანაში გააქვს.

რაც შეეხება ბავშვთა კვების მწარმოებელ გერმანულ კომპანია HIPP-ს, მისი წარმომადგენლობა საქართველოში წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა.  კომპანიის საკუთრებაში იყო ქარხანა, რომელიც  ბავშვთა კვებისთვის ნედლეულს ამუშავებდა და ექსპორტზე გაჰქონდა. ეს მიმართულება  ბოლო რამდენიმე წელია საკმარისი ნედლეულის არ არსებობის გამო შეჩერებული იყო. 

გამოგვყევით