logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ნოსტე" ქათმის ნახევარფაბრიკატების წარმოებას გეგმავს

მეფრინველეობის კომპანია GPP-იმ, რომელიც ქათამს და ქათმის პროდუქტებს „ნოსტეს“ ბრენდით აწარმოებს, ქათმის ფარშის წარმოება დაიწყო. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ფირცხალაიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, პროდუქტის რეალიზაცია მხოლოდ ბიზნეს სექტორში ხდება და არა საცალო ბაზარზე. კომპანია სამომავლოდ ნახევარფაბრიკატების ხაზის ამოქმედებასაც განიხილავს.  

ასორტიმენტის გაფართოება კომპანიის წარმადობის გაორმაგების შედეგად მოხდა, რომელშიც GPP-იმ  დაახლოებით 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. 

ფირცხალაშვილის ინფორმაციით, გაფართოების შედეგად, "ნოსტეს" ქართული ქათმის ხორცპროდუქტების წარმოება წლიურად, ჯამში 6 000   ტონას შეადგენს (აქამდე კომპანიის  წლიური წარმადობა  3 000 ტონა ქათამს შეადგენდა). კომპანიამ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კასპის რაიონის სოფელ მეტეხში ახალი ფერმა გახსნა, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობს. 

ფირცხალაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" მიმდინარე წლის გაყიდვებსაც აფასებს და აცხადებს, რომ  2024 წელი კომპანია GPP-ისთვის  განვითარების და წინსვლის წელია.  "მნიშვნელოვნად გაიზარდა "ნოსტეს" ქართული ქათმის ხორცპროდუქტებზე მოთხოვნა და შესაბამისად,გაიზარდა გაყიდვების მაჩვენებელიც,"-აცხადებს გიორგი ფირცხალაიშვილი. 

კითხვაზე, რა მოლოდინებია კომპანიის განვითარების კუთხით იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წელი საარჩევნო წელია და ახდენს თუ არა აღნიშნული პროცესი რაიმე ფორმით კომპანია  GPP-ზე გავლენას, თუნდაც საინვესტიციო პოლიტიკის თვალსაზრისით, ბიზნესმენი განმარტავს, რომ  ზოგადად, კვების ინდუსტრია არ არის პოლიტიკურ მოვლენებზე დამოკიდებული სფერო. ინვესტიციები უკვე განხორციელებულია ჩვენს კონკრეტულ ბიზნესში, რის შედეგადაც კომპანია ყოველდღიურად სტაბილურად და წარმატებით ვითარდება.

ფირცხალაიშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ სახელმწიფოს მხრიდან წარმოების და მათ შორის, მეფრინველეობის დარგის მხარდაჭერის საკმაოდ ბევრი პროგრამა არსებობს.  "ჩვენი კომპანიაც  მსგავსი პროგრამით სარგებლობს. ეს დარგი მუდმივად ვითარდება და ფართოვდება,"-აღნიშნავს ფირცხალაიშვილი. 

შეგახსენებთ, მეფრინველეობის კომპანია GPP-ი(ბრენდი "ნოსტე")  2018 წელს დაფუძნდა. კომპანია  მომხმარებელს სთავაზობს ქათმის ხორცის სრულ ასორტიმენტს, როგორც მთლიან ქათამს ასევე მის ნაწილებს. ასევე, „ნოსტე“-ს გაყინული პროდუქციის შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა ქსელურ მარკეტებში.

კომპანიის საკუთრებაშია როგორც   კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში  მდებარე საწარმო, ისე კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში არსებული ფერმა.

„ნოსტეს“ პროდუქციის შეძენა ამ ეტაპზე კომპანიის 70-მდე საფირმო მაღაზიაში არის შესაძლებელი, რომლებიც განთავსებულია თბილისის და რეგიონების მასშტაბით. მათ შორის, რუსთავში, ქუთაისსა და  ბათუმში.

"ქსელი მუდმივად იზრდება და გვემატება ფილიალები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მიმდინარე წელს გაიხსნა კიდევ 2 ფილიალი ქუთაისში, ბათუმში გაიხსნა მეორე ფილიალი.  პირველი ფილიალი გავხსენით გორში და საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ასევე დაგვემატა რამდენიმე ობიექტი თბილისსა და რუსთავში. ვფიქრობ,ამ მხრივ ბევრი სიახლე გვექნება მომავალ წელს,"- აცხადებს ფირცხალაიშვილი. 

„ნოსტეს“ პროდუქციის შეძენა ასევე შესაძლებელია კომპანიის  პარტნიორი კომპანიების (კარფური, გუდვილი, ორი ნაბიჯი, ნიკორა, ფრესკო) სუპერმარკეტებში. მომხმარებელს ასევე შეუძლია ისარგებლოს „გლოვოს“ მიტანის სერვისით.

გამოგვყევით