logo
Loading data...

Polyvim: ქვეყანაში ნარჩენების მართვა წახალისებული უნდა იყოს

Polyvim: ქვეყანაში ნარჩენების მართვა წახალისებული უნდა იყოს

1713413160

ქვეყანაში ძალიან ბევრი ნარჩენია, თუმცა მათი სრულყოფილად შეგროვება ჯერ კიდევ ვერ ხდება, - ამის შესახებ პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო Polyvim-ის კომერციულმა მენეჯერმა ბექა ფონჯავიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ის გამოწვევა, რის გამოც გადამამუშავებელი ქარხნის ბოლომდე დატვირთვა ვერ ხერხდება.

პრობლემის გადაჭრას ძალიან კომპლექსური მიდგომა სჭირდება და მნიშვნელოვანია როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორის და მუნიციპალიტეტების ჩართულობა. უნდა იყოს ნარჩენების სეპარირებული შეგროვება და ზოგადად, წახალისებული უნდა იყოს ნარჩენების მართვა.

ჩვენი ქარხანა ნედლეულის სახით მოიხმარს ადგილობრივ ბაზარზე წარმოქმნილ პლასტმასის ნარჩენების (მეორადი PET ბოთლები, PE - პოლიეთილენის ნარჩენი, PP - პოლიპროპილენის ნარჩენი) და შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოებს ღირებულ და ეკომეგობრულ პროდუქციას. აღნიშნული პროდუქცია წარმოადგენს პლასტმასის მრეწველობისთვის განკუთვნილ რეციკლირებულ ნედლეულს და იკავებს უმნიშვნელოვანეს როლს ღირებულებათა ჯაჭვში.

პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების შედეგად ჩვენ ამ პროდუქტს დამატებით ღირებულებას ვანიჭებთ, ვაბრუნებთ მას ეკონომიკაში ნედლეულის სახით, ნაცვლად იმისა, რომ ეს ნარჩენები ნაგავსაყრელზე განთავსდეს და დაიკარგოს პოტენციური შემოსავალი. ცირკულარული ეკონომიკის ამ ფორმას ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ეფექტი აქვს. ამით ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ცირკულარული ეკონომიკის მდგრადი განვითარების საქმეში.

ჩვენ დღეში 10 ტონაზე მეტი ნარჩენის გადამუშავება შეგვიძლია. მთავარია შეგროვდეს და ჩაგვბარდეს შესაბამისი რაოდენობის ნარჩენი. ჩვენ ვმუშაობთ სკოლებთან, ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან, ბანკებთან საიდანაც მოგვაქვს ნარჩენები.

ვფიქრობთ, რომ მოქალაქეების ცნობიერება გაზრდილია. არის მზაობა მოქალაქეებიდან, ბიზნეს სექტორიდან და ა.შ. რომ იყოს აქტივობები, რომ უფრო მეტი ნარჩენი გადამუშავდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსახლეობა მზად არის და მონდომებულია, რომ ნარჩენების მართვა მოხდეს, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათ ამის საშუალება არ ეძლევათ, რადგან ჩაბარების პუნქტები სხვადასხვა ქალაქის მასშტაბით არ არის“, - აცხადებს ბექა ფონჯავიძე.

რაც შეეხება ჩაბარების ფასებს - კომერციული მენეჯერის ინფორმაციით, ჩაბარების ფასები ცვალებადია.

გარდა ამისა, გადამუშავების შედეგად მიღებული დამატებითი ღირებულების პროდუქტი ექსპორტზე თითქმის მთელი ევროპის მასშტაბით გადის.

ჩვენ ამ ეტაპზე ვაწარმოებთ PET-ს, მეორადი პლასტმასის ბოთლის დამუშავებით, ასევე, ვაწარმოებთ პოლიეთილენის გრანულებს და ფანტელებს როგორც ნედლეული და პოლიპროპილენის გრანულებს და ფანტელებს. ჩვენი პროდუქციის დაახლოებით 50% ექსპორტზე იყიდება, ხოლო 50% ადგილობრივ ბაზარზე. ექსპორტზე გავდივართ ნიდერლანდებში, ავსტრიაში, რუმინეთში, ლატვიაში, საბერძნეთში და ამით ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში", - განაცხადა ბექა ფონჯავიძემ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს - პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო წარმადობის გაზრდას გეგმავს.

ცნობისთვის, რუსთავში მდებარე პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმო - Polyvim უკვე 5 წელია ფუნქციონირებს და 50-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ამ დროისთვის რუსთავის გარდა, საწარმოს ნარჩენების ჩაბარების პუნქტი აქვს მცხეთასა და მუხრანში.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით