„რამდენიმე თვეში, ამანათების სორტირების ცენტრს გავხსნით. პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Inex Group-ის დირექტორმა გიორგი კაპანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება ამანათების სორტირების პირველი ცენტრი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიის რეგიონში.
„ჩვენი სორტირების ცენტრი იქნება ინოვაციური ქართული ბაზრისთვის და ის 1 საათში რამდენიმე ათასი ამანათის დახარისხებას შეძლებს, რაც მომსახურების სერვისს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, - აღნიშნა Inex Group-ის დირექტორმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ამანათების გატარების გამარტივების მიზნით, რამდენიმე დღის წინ, Inex Group-მა საკუთარი საბაჟო ტერმინალიც გახსნა, რომელიც სრული დატვირთვით უახლოეს პერიოდში ამუშავდება და Inex Group-ის ამანათების გარდა, სხვა კომპანიების ამანათებსაც გაატარებს.
გიორგი კაპანაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ მიმდინარე წლის დინამიკაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისმა კომპანიამ 2026 წელი ძალიან აქტიურად დაიწყო. კაპანაძის ინფორმაციით, ამანათების რაოდენობა გაზრდილია როგორც აშშ-დან, ისე ევროპის სახელმწიფოებიდან, ჩინეთიდან კი გაორმაგებულია.
„ველით, რომ წლის ბოლომდე საქართველოში შემოსული ამანათების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან ამ ბაზარზე ოპერირებით ონლაინ ვაჭრობის სულ უფრო მეტი უცხოური პლატფორმა ინტერესდება, შესაბამისად, მიმდინარე წელს როგორც ახალი ქვეყნების, ისე ახალი სავაჭრო პლატფორმების დამატებას ვგეგმავთ“, - განმარტა Inex Group-ის დირექტორმა.
რაც შეეხება ტრანსპორტირების ხარჯებს, გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, ამჟამად, ამანათების ჩამოტანისა და მიწოდების ტარიფები სტაბილურია, ფასების მატება არც გასულ, 2025 წელს და არც მიმდინარე წელს არ დაფიქსირებულა.