logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ბაია ფუდის" დამფუძნებელი: "ქეშბექების" დარეგულირების შემთხვევაში, პროდუქციის ფასები მინიმუმ 20%-ით შემცირდება

კომპანია „ბაია ფუდის“ დამფუძნებელი ზვიად გრძელიძე "ბიზნესპარტნიორთან" ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. მისი თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა ბაზარზე დღეს  "ქეშბექებია", რომლის დარეგულირების შემთხვევაში პროდუქციის ფასები მინიმუმ 20%-ით შემცირდება.

მანვე აღნიშნა, რომ კომპანია ამ ეტაპზე, 3 ქსელურ სუპერმარკეტშია წარმოდგენილი და სხვა კომპანიებთან ურთიერთობას ამ ეტაპზე, ვერ ახერხებს. 

"ჩვენ საწარმოში მოგეხსენებათ, რომ 3 მიმართულება გვაქვს, ესენია: მარცვლეულის ფაფები, რომელიც ხილთან ერთად მზადდება, მეორე მიმართულებაა მშრალი ორცხობილების ხაზი, მათ შორის, შვირიის, ხაჭოს და სხვა 12 სახეობა, ხოლო მესამე მიმართულება გვაქვს ნატურალური ჩირებისგან დამზადებული ხილის ხემსების 3 სახეობა, რომელსაც "სნეკო ბარი" დავრქით. 

სამწუხაროდ, "სნეკო ბარის" შესახებ მომხმარებელმა ნაკლებად იცის, რადგან რეკლამას ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ. გარდა ამისა, ის თემა რომელიც ამჟამად მუსირებს "ქეშბექებთან" დაკავშირებით - ეს ჩვენთვისაც პრობლემური საკითხია და რამდენი ხანია აღნიშნულზე ვსაუბრობთ. ეს საკითხი აქამდე ყურადღების მიღმა იყო და კარგია, რომ ახლა ყურადღება მიექცა. ერთწლიანი ხელშეკრულებები გვაქვს ჩვენ ქსელურ მარკეტებთან და ამ ხელშეკრულების განახლება ან მიმდინარე წლის ბოლოს, ან დასაწყისში ხდება. ერთ-ერთი კომპანიიდან არ არსებობს არც ერთი წელი, რომ არ მიგვეღოს ისეთი განახლებული ხელშეკრულება, სადაც პროცენტის მატება არ ყოფილიყო და ამჟამად, 17%-ზე ვართ ასული. როგორ შეიძლება ჩვენს პროდუქციაზე ფასები დავიჭიროთ და კონკურენტუნარიანი გახდეს ჩვენი პროდუქცია იმპორტირებულთან შედარებით. ადგილობრივ პროდუქციას რომ კონკურენტული ფასი არ ექნება, როგორ შეიძლება მცირე და საშუალო საწარმოები როგორ შეიძლება განვითარდეს. 

თუ "ქეშბექების" საკითხი დარეგულირდება, პროდუქციის ფასები დასტაბილურდება და მინიმუმ 20-ით შემცირდება. თუ ეს საკითხი რეგულირების ჩარჩოში მოექცევა თვითღირებულებაზე ვიმუშავებ და რაც უფრო დაბალი ფასი ექნება ჩვენს პროდუქციას მით უფრო კონკურენტული ვიქნებით. 

ჩვენ ახლა ჩვენი საწარმოს სიმძლავრის 30-35%-ს ვიყენებთ და ზრდას ვერ ვახერხებთ. თუ სიტუაცია დასტაბილურდა, მოთხოვნა გაიზარდა და ქსელებში ინტენსიურად შევედით, მაშინ ჩვენ გვაქვს წარმოების გაზრდის შესაძლებლობა. ამჟამად, "ფრესკოში", "კარფურში" და "გუდვილში" შევდივართ - დანარჩენ ქსელებთან ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ ურთიერთობას", - აცხადებს ზვიად გრძელიძე. 

ამ დროისთვის "ბაია ფუდი" მომხმარებელს ადგილობრივი მარცვლეულისა და ხილისგან დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის, ფაფებს. კომპანია წარმოებაში არ იყენებს ხელოვნურ საღებავებს, არომატიზატორებს და კონსერვანტებს. ზვიად გრძელიძის განმარტებით,  წარმოებაში  გამოიყენება  ქართული შვრია, ქერი, ხორბალი, სიმინდი.

შეგახსენებთ, "ბაია ფუდი’’ ბაზარზე  2012 წლიდანაა წარმოდგენილი. ზესტაფონში მდებარე საწარმოს შექმნა და აღჭურვა, საერთო ჯამში დაახლოებით 200 000 ლარი დაჯდა, 2022 წელს კომპანიამ კი GITA-ს 30 000 ლარიანი გრანტიც მოიპოვა, რომლითაც ხილის ხემსებისთვის საჭირო დანადგარები შეიძინეს.

ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა.

გამოგვყევით