თბილისში მდებარე სავაჭრო ცენტრებში, რომლებზეც საქართველოში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, ევაკუაცია არ გამოცხადებულა.
როგორც "ბიზნესპარტნიორს" "ისთ ფოინთის" მარკეტინგის დირექტორმა თეიკო ლომინაძემ განუცხადა, სავაჭრო ცენტრი ინფორმაციის მიღებისთანავე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების პროტოკოლით მოქმედებს .
"ევაკუაცია არ გამოცხადებულა, რადგან ამის შესახებ ინსტრუქცია შესაბამისი უწყებიდან არ მიგვიღია. არსებობს ასეთი პრაქტიკა, ეს არ არის სამწუხაროდ პირველი შემთხვევა, მსგავსი ფაქტი რამდენიმე თვის წინათაც გვქონია, არსებობს კონკრეტული პროტოკოლი თუ როგორ იმართება ასეთი სიტუაცია. ჩვენ - სავაჭრო ცენტრი, ვალდებულები ვართ შესაბამის უწყებებს მივმართოთ, ისინი მართავენ პროცესს, ჩვენ მათთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ,"- განუცხადა ლომინაძემ "ბიზნესპარტნიორს".
"გალერია თბილისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ნინი ადუაშვილი პირველ არხთან საუბარში აცხახდებს, რომ სავაჭრო ცენტრში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არანაირი სახის ინფორმაცია არ შესულა.
„ჩვენც იმავე არხიდან გავიგეთ აღნიშნული ინფორმაცია და შესაბამისად, გადავეცით უკვე შესაბამის სამსახურებს ინფორმაცია. საქმის კურსში არიან და ველოდებით მათგან შესაბამის დავალებებს. ამ ეტაპზე სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია არ განხორციელებულა და მეტ დამატებით ინფორმაციას ჩვენ არ ვფლობთ. შეიძლება, ნებისმიერ წუთს მოგვცენ შესაბამისი დავალება. სამართალდამცველები ამ ეტაპზე ადგილზე არ არიან, თუმცა ამოწმებენ ჯერ ინფორმაციის სისწორეს და შემდეგ უკვე მიიღებენ შესაბამის ზომებს“, – აღნიშნა ადუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეების გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო.
განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე. სუს-ის განცხადებით, მოქალაქეთა უსაფრთხოება სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას ახორციელებს.